ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებელზე მზარდი ინტერესის გამო, რეისებს დამატებითი ვაგონები მიება. ამის შესახებ სააგენტო Report-ს სს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ბახტიარ ჰაჯიევმა განუცხადა.

უწყების წარმომადგენლის განმარტებით, მარშრუტზე მგზავრთა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და გასაყიდად გამოტანილი 8 400 ბილეთის 70%-ზე მეტი გუშინ, 25 მაისის საღამოსთვის რეალიზებული იყო.

ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ ბაქოსა და თბილისს შორის ყოველდღიურმა სამგზავრო მატარებლებმა მიმოსვლა უკვე დაიწყეს: მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გადის, ხოლო თბილისიდან 21:00 საათზე.

რაც შეეხება მგზავრობის ხანგრძლივობას, რკინიგზით გადაადგილებას დაახლოებით 9 საათი და 30 წუთი სჭირდება. აქედან 2 საათი სასაზღვრო და საბაჟო პროცედურებისთვისაა განკუთვნილი. თითო საათი თითოეულ საზღვარზე.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მატარებელი ბალგაჯარის, ევლახის, განჯისა და აღსთაფის საერთაშორისო სადგურებზე ჩერდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებები გარდაბანსა და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზეა გათვალისწინებული.

ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

bm.ge