ბათუმის საქალაქო სასამართლომ თანამშრომელზე ძალადობაში ბრალდებული რესტორან რეტროს მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაცია ტაბულას ბათუმის სასამართლოში დაუდასტურეს.

პოლიციამ ბათუმში რესტორან რეტროს მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-მ თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე 4 ივნისს დაიწყო.

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, თემო მგზავრიძის თქმით, რესტორნის მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რასაც თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამასთან, როგორც რეტროს სხვა თანამშრომლები ამბობენ, ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არაა.

მომხდარის შემდეგ რეტროში  შრომის ინსპექცია შევიდა. ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერეს და 30 000 ლარით დააჯარიმეს. რეტრო სამსახური 15-მდე თანამშრომელმა დატოვა.