ათასწლეულის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს „უმაღლესი და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები საქართველოში“.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 11 უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კურსდამთავრებულთა კვლევისა და ალუმნებთან (კურსდამთავრებულებთან) თანამშრომლობის მდგრადი სისტემების შექმნასა და განვითარებას.
ახალი პროექტი მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმარება თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კურსდამთავრებულთა მართვის სისტემების დანერგვაში და განათლებასა და შრომის ბაზარს შორის კავშირის გაძლიერებაში.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება:
• კურსდამთავრებულთა კვლევის ერთიანი მეთოდოლოგია და სტანდარტიზებული კითხვარები;
• მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ინსტრუმენტები;
• კურსდამთავრებულთა შედეგების ანალიტიკური სისტემა;
• კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზებისა და ალუმნებთან (კურსდამთავრებულებთან) თანამშრომლობის მოდელები;
• ინსტიტუციური სახელმძღვანელოები და პრაქტიკული რეკომენდაციები.
პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და სემინარები. მათ გაეწევათ პრაქტიკული დახმარება მონაცემთა ბაზების შექმნის, კურსდამთავრებულთა გამოკითხვის, მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და შედეგების ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებში გამოყენების პროცესში.
ჩატარდება კურსდამთავრებულთა საპილოტე კვლევები, რომელთა საფუძველზეც მომზადდება ინსტიტუციური ანგარიშები და გამოვლინდება კურსდამთავრებულთა დასაქმების, პროფესიული განვითარების, განათლებით კმაყოფილებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ძირითადი ტენდენციები.
ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განათლების პოლიტიკის განვითარებას მონაცემებსა და რეალურ შედეგებზე დაყრდნობით და საქართველოში განათლებასა და ეკონომიკას შორის კავშირის გაძლიერებას.
პროექტის პრეზენტაცია 30 ოქტომბერს გაიმართება.