მალე საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს.
„სურსათის ბანკი“ ინსპექტირებას ექვემდებარება და გაწერილი აქვს ვალდებულებები სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დისტრიბუციას თავად „სურსათის ბანკი“ განახორციელებს.
„გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგინდა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს აჩვენებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ისეთი მექანიზმების არსებობა, მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმების, რომ ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას მოხდეს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჭარბი, უვნებელი სურსათის არა გადაყრას, არამედ მოსახლეობაზე გადანაწილებას. ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მათ შორის კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ა.შ“,- განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.
მისი განმარტებით, კანონის მიხედვით, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა, გაუქმდა დამატებითი ღირებულების და ასევე, მოგების გადასახადი იმ ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც სურსათს დონაციაში ჩაუშვებს.
„ახლა მიმდინარეობს ლოჯისტიკური ნაწილის მოსამზადებელი პროცესი. ერთი ლოჯისტიკური ცენტრი თბილისში ფუძნდება, ხოლო მეორე წყალტუბოში. ეს საპილოტე პროცესი იქნება“, - განაცხადა მარუაშვილმა.
როგორც მან განმარტა, თბილისში იქნება შემგროვებელი ცენტრი, რომელიც წყალტუბოს „სურსათის ბანკს“ მიაწვდის. „სურსათის ბანკი“ იქნება წყალტუბოში, როგორც საპილოტე, ხოლო თბილისში იქნება შემგროვებელი ლოჯისტიკის ცენტრი და შემდეგ განაწილდება წყალტუბოში“, - განაცხადა მარუაშვილმა.
მან განმარტა, რომ შეწირული საკვები განკუთვნილი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს.
„ბენეფიციარი მიმართავს „სურსათის ბანკს“, მოხდება რეგისტრაცია და დადასტურება იმისა, რომ მაგალითად, ერთ ბენეფიციარზე გარკვეული რაოდენობის სურსათი გაიცა“, - აღნიშნა მარუაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული სურსათის თითქმის მესამედი იყრება, რაც გლობალური პრობლემაა.
„ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება ხოლმე, მათ შორის უვნებელი სურსათი, რომელიც ჭარბად გროვდება. წლებია FAO- აქტიურად მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით, რომ რაც შეიძლება ეფექტური მექანიზმები შეიქმნას ქვეყნებში იმისთვის, რომ სურსათის დანაკარგები შემცირდეს, ასევე, ნარჩენების წარმოქმნა და გარკვეულწილად, ამ ყველაფრის პრევენცია მოხდეს. ამას აქვს საკმაოდ ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტი. იმ ფონზე, რომ შიმშილის დონე გლობალურად არის ძალიან მაღალი, ჭარბი სურსათი, რომელიც სამწუხაროდ, ნარჩენებად გადაიქცევა, სწორი მართვის შემთხვევაში ადამიანებს მოხმარდება და გადაეცემათ მათ, ვისაც განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ სურსათზე ხელმისაწვდომის თვალსაზრისით“,- განაცხადა მარუაშვილმა.
ipn.ge