ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 755,66 გრამი) გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 189 754,19 ლარი შეადგინა.

ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 145 074,58 ლარით დაჯარიმდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.