2025 წლის IV კვარტალში საქართველოში 115 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.1 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 18.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8 პროცენტი – მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.0 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

„საქსტატის“ ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 148.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.1 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 3.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 046.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2025 წლის IV კვარტალში 17.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 28.4 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.2 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 38.9 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.0 ათას პირს, საიდანაც 53.3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 969 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ღორის დაკვლის საფასური - 33.1 ლარი (30.7 ლარი - 2024 წლის მე-4 კვარტალი), ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი (12.5 ლარი - 2024 წლის მე-4 კვარტალი).

რაც შეეხება ელევატორებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში 33 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (33.3 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 21.2 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15.2 პროცენტი კახეთის რეგიონში, 12.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 9.1 პროცენტი – ქ. თბილისში, 6.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 3.0 პროცენტი კი – გურიის რეგიონში.

2025 წლის IV კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 19 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 68 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 423 კაცით განისაზღვრა. 2025 წლის IV კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 157.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 66.4 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი და 15.2 პროცენტს სოიოს შროტი.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 67.7 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2025 წლის IV კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 80.5 მილიონი ლარის ღირებულების 75.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 40.2 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 51.5 პროცენტი – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი,რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 79.0 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 49.7 პროცენტს, ნოემბერში – 49.5 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 46.5 პროცენტს.