„საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2024 წელს გაიზარდა” – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ირაკლი იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გასული წლის სტატისტიკაზე, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა.

ირაკლი იზორიას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი ნაწილი სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, ასევე ამის მიზეზად მან დაასახელა წესების დარღვევით გადასწრება და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა.

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის განცხადებით, წლიდან წლამდე ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირების ნაცვლად იზრდება.

2024 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა  წინა წელთან შედარებით,  272 შემთხვევით არის გაზრდილი.

„საგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზი არის სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც გასულ წლების მსგავსად დომინანტი ფაქტორია. მეორე ადგილზეა გადასწრება და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში მომხდარი საგზაო შემთხვევები. ასევე ნასვამობაც გაზრდილია 7-8 %ით. 

ბოლოს 2024 წლის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ დაახლოებით, 20 000-მდე ადამიანს შეუჩერდა მართვის უფლება, წარმოიდგინეთ ეს 20 000 ადამიანი, რომელიც გამოდის ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში და პატრულმა გააჩერა და ჩამოართვა მართვის მოწმობა, ავტომობილი და გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე და ეს ადამიანები ქუჩაში რომ გაეშვა და არ დაეჯარიმებინა წარმოიდგინეთ რა უბედურებები უნდა დატრიალებულიყო. განსაკუთრებით, საყურადღებოა ქვეითთა გადაადგილების პრობლემა, ვინაიდან თუ 2023 წელს 95 ადამიანი გარდაიცვალა, 2024 წელს – 101 ადამიანი გარდაიცვალა. მოგეხსენებათ, ქვეითთა გარდაცვალება და დაშავებულობა პირდაპირ კავშირშია სიჩქარის გადაჭარბებასთან”, – ამბობს ირაკლი იზორია – ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი.

საქართველოს გზებზე დაღუპულთა  და დაშავებულთა რიცხვი საგანგაშოა – ამბობს კიდევ ერთი ექსპერტი და დასძენს, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით, 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

„რაც ყველაზე საგანგაშოა ეს სტატისტიკა არ არის სრულყოფილი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაღუპული და დაშავებული გაცილებით მეტია, რადგან ეს არის საპატრულო პოლიციის მონაცემები, ხოლო საპატრულო პოლიციის დაფარვა მთლიანად არ ვრცელდება საქართველოზე, იქ არის კრიმინალური პოლიციაც ჩართული, შესაბამისად, სტატისტიკა კიდევ უფრო მძიმე უნდა იყოს ვიდრე ჩანს. ვიჟენ 0 ასეთი ხედვა, რაც ნიშნავს ნულ დაღუპულს ქალაქებში და ამას შეუერთდა ევროკავშირი დიდი ხანია, ევროკავშირის ქალაქების ცენტრალურ უბნებში დაღუპულთა რაოდენობა მართლაც ნულდება, ხოლო ჩვენთან ეს ასე არ არის“, – ამბობს დავით მესხიშვილი „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

როგორ ხედავენ მძღოლები რეალობას და, მათი აზრით, რამდენად ხშირად არღვევენ სხვა მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს?

„ყველას არ ვაკვირდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ქალაქში ავარიები ვერ ვიტყვი, რომ ყოველ ნაბიჯზეა. მე მგონი, ბანგლადეშში უფრო კაი მოძრაობა იქნება ვიდრე აქ”.

„მეტ ნაკლებად არის, იცავენ არ იცავენ, შეჩვეულები ვართ უკვე“

„50 % იცავს 50% ვერ იცავს, სიმშვიდეს ვინარჩუნებ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წესრიგი იყოს და ქაოსი არ იყოს“.

„ რეგულაციები კი არ უნდა ახალგაზრდა მძღოლები, რომ არიან იმათ უნდა გაიარონ ბევრი პრაქტიკა, ცოტა ღამე უნდა იმოძრაონ რომ ისწავლონ“.

„როცა მე ვდგავარ ჩემ ზოლში და რაც არის დაშვებული იმ სისწრაფით ვმოძრაობ, ვიღაც ფარებს მინთებს მისიგნალებს მე მეჩქარება ამასობაში სისწრაფეს არღვევს, მანევრებით გადის ამუხრუჭებს და ავარიული სიტუაცია ძალიან ხშირად არის“.

საქართველოს გააჩნია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის გათვლებითაც, 2019 წელთან შედარებით უკვე 2025 წლისათვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპვისა და დაშავების სტატისტიკა საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო.

„ამ რეალობაში წარმოუდგენელია ამ მიზნის მიღწევა, თუმცა ეს არის მოქმედების დეკადა, რომელიც გლობალურად არის გამოცხადებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს მიერ მიზანი არის დასახული, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით. ამ მიზნების მიღწევა მხოლოდ ნელი სვლით გამორიცხულია პროაქტიული ქმედებებია საჭირო იმ დაზღვევებზე, რომლებიც ჩანს სტატისტიკაში. გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გზებზე, რადგან წლების განმავლობაში, ბავშვები არიან დაუცველები, რადგან სამგზავრო სავარძლები არ არის საკანონმდებლო ჩანაწერში მოთხოვნილი და ცნობიერებაც არის ისეთ დონეზე, რომ მშობლებმა ეს თავისი ნებით გააკეთონ, დაზიანებულთა რიცხვი არა ქვეითი ბავშვების არამედ მგზავრი ბავშვების არის დაახლოებით წლის განმავლობაში 156“,- ამბობს ეკა ლალიაშვილი – „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე.

საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ საგზაო შემთხვევების შესამცირებლად პრევენციული ზომების მეტად გატარებაა საჭირო და ასევე ჯარიმების გამკაცრებაც.

წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"