არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც უცხოელი მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად იქმნება, აქ საუბარია „ბასლაინების“ გამოყენებასა და სხვა სახის დარღვევებზე.

მისი თქმით,  გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის  უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაჯარიმება ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო უნდა წარმოადგენდეს. 

„დიდი პრობლემაა უცხოურ სანომრე ნიშნებზე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს ვიდეოჯარიმები არ ეწერებათ.

რაც შეეხება „ბასლაინებზე“ ტაქსების დაშვებას, ეს აპრობირებული პრაქტიკაა და ამას დრო გვიჩვენებს, ყველა ადგილას იქნება დასაშვები მგზავრთა ჩასმა-გადმოსხმა თუ საჭირო იქნება კონკრეტული ადგილების შეზღუდვა.„ბასლაინებთან“ დაკავშირებით მე სხვა უფრო დიდ პრობლემას ვხედავ, როდესაც დღემდე ვიღაცა იმდენად თავხედია, რომ იმ ზოლში, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის, შევარდება და იტაცებს ამ სივრცეს. სამწუხაროდ შეინიშნება დიპლომატიურ ნომრიანი ავტომობილები, ასევე დაბურულშუშიანი და უცხოური სანომრე ნიშნითაც კი, რომლებიც „ბასლაინებზე“ გადაადგილდებიან.

მივმართავ შსს მინისტრს და ყველას ვისაც ეს საკითხი ეხება, ეს დიდი პრობლემაა, უნდა მოხდეს მკაცრი რეაგირება, უკლებლივ ყველას დაჯარიმება, პირველ რიგში ეს ეხება პოლიციელებს“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირება ვერ უზრუნველყოფს ვიდეოჯარიმების ეფექტურად აღსრულებას იმ შემთხვევაში, როცა უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი არღვევს მოძრაობის წესებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონში შესატანი ცვლილებებს სთავაზობს საკანონმდებლო ორგანოს.

დარახველიძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით კანონდარღვევისას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ფოსტით ეგზავნება ორჯერ, რაც შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, „ტყუილი ძალისხმევაა” და საბოლოოდ ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები იწურება.

ცვლილებები გულისხმობს შემდეგს, თუ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და ამას ასახავს ვიდეოჯარიმა, პირს მიეცემა 30 დღის ვადა აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად. თუკი ამ ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მოხდება შესაბამისი საურავისა და სხვა სანქციების გამოყენება და საბოლოო ჯამში, მას საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნება.