2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა, რომლებსაც დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ. რუსული მხარე კატასტროფის მასშტაბებს დღემდე არ ასაჯაროებს, თუმცა, გარემოს დამცველების თქმით, მაზუთის დაღვრის შედეგად დაიღუპა ათობით დელფინი და ასობით ფრინველი; დასვრილი ფრინველების რაოდენობა, რომლებისთვისაც ნავთობით დაბინძურება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, ათასებს აღემატება. დაბინძურების სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ტალღები, ქარი და ზღვის დინებები. წლის ამ დროს ხშირია ქარიშხლიანი ამინდებიც.

დაღუპული ცხოველები და ფრინველები შენიშნეს საქართველოშიც, კერძოდ, ქობულეთისა და გონიოს სანაპირო ზოლში.

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „კომერსანტთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სანაპიროებზე მკვდარი ცხოველების გამოჩენა, სწორედ ქერჩის კატასტროფას უკავშირდება, თუმცა საქართველოს სანაპირო ზოლის დაბინძურების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, ამიტომაც მოკვლევის ეტაპზე, გადაჭრით თქმა რთულია.

,,პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ მკვდარი ცხოველების გამორიყვა ქერჩის სრუტეში ჩაღვრილ მაზუთს უკავშირდება. სადაც პოულობენ მკვდარ ცხოველებს, შემდეგ ამოწმებენ მიმდებარე ტერიტორიას. თვითონ მკვდარი ცხოველების ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ ეს ქერჩიდან არის თუ ის პროცესები განვითარდა, რაც ჩვენ ისედაც გვაქვს, დაბინძურებული სანაპიროები.

როცა ზღვაზე დიდი ღელვაა, ნალექი, მაზუთი და საწვავი ზემოთ ამოდის; რაც ცხოველების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ასეთი შემთხვევები რამდენჯერმე გვქონია.

რამდენადაც ვიცი, მკვდარ ცხოველებს როცა ნახულობენ, ფოტოს უღებენ და ექსპერტებამდე არ მიაქვთ, შესაბამისად, რთული გასარკვევია, რა ტიპის დაბინძურებაა. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, შესაბამისი ქალაქის მერიას დაუკავშირდნენ.

რუსულმა მხარემ დაბინძურებაზე მონაცემები ბოლომდე არ გაასაჯაროვა, თუმცა ვიცით, რომ მასშტაბები საკმაოდ დიდია. თავიანთ ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარეს, ნიჩბებით ასუფთავებდნენ ნაპირებს. ახლა რუსები ზაფხულის სეზონისთვის ემზადებიან სოჭში და ბევრი რამ გაირკვევა", - თქვა ნინო ჩხობაძემ.