საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), მომხმარებელთა უფლებების დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის ლიდერთა მომზადების პროგრამას იწყებს.

GCCA-ს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნუცა ფუტკარაძის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ, ასევე ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. დაინტერესებულმა პირებმა აკადემიური ნაშრომი 2025 წლის 5 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით სააგენტოს ელ.ფოსტაზე (consumer@gcca.gov.ge) უნდა გააგზავნონ. ერთ მონაწილეს ერთი ნაშრომის გაგზავნის შესაძლებლობა ექნება, გამარჯვებული კი GCCA-ში 2-თვიან სტაჟირებას გაივლის. პროგრამა სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, დასაქმების შესაძლებლობასაც მოიცავს.

„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იწყებს მომხმარებლის უფლებების დაცვის ლიდერთა მომზადების პროგრამას. აღნიშნული პროექტის მიზანს, მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების კარიერული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება  და კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 5 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით სააგენტოს ელფოსტაზე consumer@gcca.gov.ge უნდა წარმოადგინონ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სტატია, რომელიც შესაბამისი კომისიის მიერ შეფასდება. სტატიების გადარჩევის ეტაპზე კომისია ყურადღებას გაამახვილებს თემის შინაარსზე, თემის აქტუალურობაზე, რამდენად არგუმენტირებული და თანმიმდევრულია მსჯელობა სტატიაში, რომელი სამეცნიერო ლიტერატურაა გამოყენებული და როგორ იცავს ავტორი აკადემიურ სტილს. სტატიების გადარჩევის საბოლოო ეტაპზე აირჩევა ერთი საუკეთესო სტატიის ავტორი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და გაივლის 2-თვიან პრაქტიკას GCCA-ს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში. პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა დასაქმდეს ამავე დეპარტამენტში. სტატია უნდა მოიცავდეს მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს ანალიტიკური/მიმოხილვითი ხასიათის, ან სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული კვლევის შედეგების დადასტურება/უარყოფა, ან საკუთარი მეცნიერული მიგნებების, დასმული პრობლემების გადაწყვეტის გზების ჩვენება და ა.შ. კონკურსში მონაწილე პირთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა, ერთ კანდიდატს აქვს მხოლოდ ერთი სტატიის წარდგენის შესაძლებლობა.  ერთი საუკეთესო სტატიის ავტორს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ნაშრომი მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე წარადგინოს“,- აღნიშნა ნუცა ფუტკარაძემ.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-3 საერთაშორისო კვირეული 6 მარეგულირებელი უწყების თანაორგანიზებით გაიმართება. რაც შეეხება ახალგაზრდების დაინტერესებას, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ამ დროისთვის საზოგადოებაში მომხმარებლის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება მზარდია, რაც პირველ რიგში, საზოგადოებასთან წარმატებული კომუნიკაციის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ახალგაზრდებთან ურთიერთობა წარმოადგენს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-3 საერთაშორისო კვირეული 6 მარეგულირებელი უწყების თანაორგანიზებით ტარდება, შეხვედრები ჩატარდება არამხოლოდ თბილისში, არამედ ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში. შეხვედრებში მონაწილეობას მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც წარადგენენ მათი საქმიანობის წლიურ ანგარიშს. გამართულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს, ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს. აღსანიშნავია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლიდან ამოქმედდა, შესაბამისად დადგა საზოგადოების ინფორმირების საჭიროება. 2023-2024 წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერება მეტად ამაღლებულია.  გარდა ამისა, სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტო ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც სტუდენტებს უკავშირდება, მათ შორის დასაქმების ფორუმებში და საგანმანათლებლო შეხვედრებში. უნივერსიტეტებში ხშირად იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტები დიალოგის რეჟიმში იღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემებზე. შედეგად, ახალგაზრდები მეტად გამოთქვამენ სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილს და მზადყოფნას“,- აღნიშნა GCCA-ს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნუცა ფუტკარაძემ.