2026 წლის ბოლოსთვის დიდი დიღმიდან მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით ტრამვაის ხაზის მშენებლობის პროექტი დასრულებული იქნება, - ამის შესახებ ირკვევა თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიიდან.
დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ტრამვაის ხაზის და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება. ჯამში ამ მიმართულებით 2026 წელს 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„დაგეგმილია დიდი დიღმიდან მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით 7,5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის (ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს) და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულება Design-Build (DB) მეთოდით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2027 წელს ტრამვაის ხაზის განვითარებაზე 213.6 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო 2028 წელს 164.4 მილიონი ლარი. ჯამურად ამ პროექტზე გათვალისწინებულია 408 მილიონი ლარი.
„არსებული საავტობუსო ინფრასტრუქტურა ვერ იძლევა დიდი დიღმის მოსახლეობის სრულფასოვანი სატრანსპორტო მომსახურების შესაძლებლობას, პიკის საათებში გაძნელებულია გადაადგილება გადატვირთული საავტომობილო გზების საშუალებით. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან, რაც საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას შევთავაზოთ კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება.
თბილისში, დიდი დიღომი - დიდუბის, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. ასევე პროექტის ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულების თანახმად გათვალისწინებულია ქნიკური ზედამხედველობის სამუშაოების შესყიდვა“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში.