The Players Tribune „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წერილს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა წერს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გაიმარჯვეს. შემდეგ თავის ბავშვობას და ფეხბურთთან დაკავშირებულ მოგონებებს უზიარებს მკითხველს.

„ჰკითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა. ჰკითხე! იცით რა მოხდება? ჯერ, სანამ გიპასუხებენ, შეგხედავენ. ეს, ნეტა, გიჟი ხომ არააო? ვინ მოიგებსო? საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა“, - წერს კვარაცხელია.

ხვიჩა იმასაც იხსენებს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა ყაზანის კლუბის დატოვება. „მე აქ ვერ გავჩერდები, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე“, - წერს კვარაცხელია წერილში.

ბავშვობა

23 წლის ფეხბურთელი წერს, რომ საქართველოში ფეხბურთს და ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს დიდი გულშემატკივარი.

„პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველ დღე დავდიოდით ფეხბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა სტადიონი, ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული.

და ყველაზე მაგარი იცი რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც არ უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება, თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს.

ხანდახან ღამე ვთამაშობდით, როცა წესით ბავშვებს სძინავთ. ვიწყებდით ხოლმე ჩხუბს და თამაშზე კამათს და ბავშვებს ვაღვიძებდით. მშობლები გვიბრაზდებოდნენ და ეს იყო ღამის თამაშების დასასრული. ნამეტანს ვხმაურობდით და დაგვასრულებინეს ჩვენი „ჩემპიონთა ლიგა“.

თბილისის დინამოს აკადემია

შემდეგ ხვიჩა თბილისის დინამოს აკადემიაში თამაშის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ იმ პერიოდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში.

„თბილისის დინამოს აკადემიაში მეტი ფეხბურთი და ნაკლები ჩხუბი მქონდა. სწავლება ისეა გამართული, იცი რომ შეგიძლია კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე. შეხედე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - თითქმის ყველა მოთამაშემ ამ აკადემიაში ისწავლა. რთული იყო. პირველ გუნდში ვიყავი და ჩემზე უფროსი მოთამაშეები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, თითქოს ამბობდნენ: „ეს ბიჭიღა გვაკლდა!“ მაშინ პატარა ვიყავი და არავინ მიცნობდა. 15 წლის ვიქნებოდი… სერიოზულ მოთამაშეებთან მქონდა საქმე და ჩემი მისამართით გამიგონია ნათქვამი: „ახლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“, ან კიდევ: „არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა“. ცოტა მეტირებოდა… ვფიქრობდი, რომ ცუდად ვთამაშობდი და გული მტკიოდა. ჩემს თავს ვუთხარი: მე ამათ ნაღდად უნდა ვანახო, რომ შემიძლია კარგად თამაში.იმ დროს გამიჩნდა მოტივაცია კარგად თამაშის“. - წერს კვარაცხელია.

მოსკოვის „ლოკომოტივი“, ყაზანის „რუბინი“

ხვიჩა იხსენებს, რომ განსაკუთრებით რთული იყო 17 წლის ასაკში ქვეყნიდან წასვლა მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადასვლა.

„შემდეგ რუსეთში წავედი, მოსკოვში. 17 წლის ვიყავი, თითქმის 18-ის. პატარა ვიყავი და სულ მარტო. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, მამაჩემი განსაკუთრებით. გამიძნელდა, დიდი სტრესი იყო ოჯახის დატოვება.

ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშაო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება გული ავიცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით.

რუსეთში ქართველი საბა კვირკველიაც იყო და ძალიან დამეხმარა. სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, თავისთან ერთად მატარებდა ხანდახან და მიცავდა. თამაში როდესაც დავიწყე მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი. ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა იმიტომ, რომ ქუჩის ძაღლები, და არა მარტო ძაღლები, იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.

„ეი, ვინ დარბის მანდ????“

მე.

დრიბლინგი სიბნელეში.

დაცვის ბიჭი, კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა „მორჩი რა, დაამთავრე.“

მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე.

სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდად თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშაო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა იხსენებს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა რუსეთიდან წამოსვლა და „ქვეყნის და ისტორიის გამო კლუბს გამოუცხადა, რომ უნდა წასულიყო“.

„2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთ მკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე. გადავედი ბათუმის დინამოში, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში“, - იხსენებს ხვიჩა.

„ნაპოლი“

ბოლოს ფეხბურთელი „ნაპოლიში“ გადასვლაზე წერს და იხსენებს, რომ ამ საქმეში დიდი როლი მამამ ითამაშა.

„სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.

ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა. „ნაპოლიში“ გადასვლა ბადრის დამსახურებაა. ბადრი - მამაჩემია.  მარადონა მისი კერპი იყო.  მამაჩემი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. აზერბაიჯანში თამაშობდა. ბავშვობაში სულ მის ვიდეოს ვუყურებდი და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მამა. ვინმე მესიზე ან რონალდოზე თუ ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი ხოლმე, „არა, არა, არა … მამაჩემი უკეთესია.“ შვიდი ან რვა წლის ბავშვები ვიყავით და ვკამათობდით, საუკეთესო ფეხბურთელებზე. დანარჩენები ამბობდნენ „რონალდინიო არის ყველაზე მაგარი.“ მე კი სულ ვამბობდი, „არა, არა, არა, თქვენ მამაჩემი არ გინახავთ“, - წერს ხვიჩა.

ფეხბურთელი წერს, რომ ნაპოლიში“ წასვლაზე ბევრი არ უფიქრია.

„როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ნაპოლი მეპატიჟება, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მამა? ვერ იჯერებდა. მამა მეუბნებოდა, „ნაპოლისთვის უარის თქმა არ შეგიძლია! მარადონას კლუბს უარს ვერ ეტყვი!“

მოკლედ, ბევრი არ გვიფიქრია. არანაირი დებატი არ ყოფილა ამ თემაზე.

„უნდა წახვიდე.“

ემოციებს ვერ აღვწერ. მე ვამბობდი, „წავედით. ჩქარა. დროზე უნდა ჩავიდე“, იხსენებს ხვიჩა.

განსაკუთრებით ემოციებით იხსენებს ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე მოხვედრას. ის წერს, რომ შეუძლებელია იმ ემოციის აღწერა და გადმოცემა, რაც მარადონას სტადიონზე განიცადა.

„არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვხვდი პირველად მარადონას სტადიონზე. შიგნით ულამაზესი იყო, გასახდელებიც კი. თამაშის დაწყებამდე, მე არ მაქვს მოედანზე გასვლის ჩვევა. ზოგი მოთამაშე გადის, ბალახს ცდიან, მუსიკას უსმენენ ხალხთან ერთად. მე არასოდეს გავსულვარ, მაგრამ მარადონას სტადიონზე პირველად ვიფიქრე: იქნებ გავალ მაინც, უნდა ვნახო.

გავდივარ და… თვალწარმტაცია! თან გახურებისას უკვე სავსეა სტადიონი. შეუძლებელია ემოციების აღწერა. ისმის ის სიმღერა „ლა, ლა, ლა“ მოთელვის დაწყებისას, შემდეგ სხვა მარადონას სიმღერა იწყება „ოლე, ოლე, ოლე,“ და მერე გულშემატკივრები მღერიან „დიეგო, დიეგო,“- წერს კვარაცხელია.

ქართველი გულშემატკივარი

ბლოგის ბოლოს ქართველ გულშემატკივარზე წერს. ამბობს, რომ ვერ იჯერებს, როცა ხედავს ქართველ ბავშვებს, რომელთაც მაისურზე მისი გვარი აწერიათ.

„საქართველოში რომ ვბრუნდებოდი და ვხედავდი ბავშვებს მაისურებზე ჩემი გვარი აწერიათ - ვერ ვიჯერებდი. მეგონა ეს კვარაცხელია ალბათ ვინმე სხვაა. ასეთ რამეზე არც მიოცნებია, იმდენად მიუღწევლად მეჩვენებოდა. დღეს კი, როცა ვხედავ, შთაგონებას მაძლევენ.

ახლა კი ევროპის ჩემპიონატია. შეგვიძლია საქართველო გავაბედნიეროთ.  ქართველებისთვის ეს ყველაფერი სიზმარივითაა.

მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა. საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეიოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი.  ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრების გულისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის. სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია.  ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება.  პენალტები როცა დაიწყო, და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა ვინმეს ვენახე. ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა შენ უნდა დაასრულო.

ის დღეები დაუვიწყარია.

საქართველოს ისტორიაში შევედით.

ახლა კი … რა თქმა უნდა გვაქვს შანსი. რატომაც არა?!“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.