მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც, სოფლის მეურნეობაში პესტიციდისა და აგროქიმიკატების გამოყენება იზრდება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქიმიკატებით სამ მილიონ ჰექტარზე მეტი, მათ შორის სატყეო და სხვა ტიპის საწარმოო ზონების ტერიტორია მუშავდება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ ჰექტარზე საშუალოდ 6.12 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ამავე წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის რეგიონის ქვეყნებში 2.89 კილოგრამია, 2021 წელს კი 3.2 კგ იყო. 

ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და ამ მხრივ უსწრებს სომხეთს [1.77], აზერბაიჯანსა [0.23] და თურქეთს [2.22].

სოფლის მეურნეობაში ქიმიკატები გამოიყენება აგრარული პროდუქტიულობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

პესტიციდები და ქიმიური საშუალებები ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მასალაა, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისთვის, თესლისა და მოსავლის დასაცავად არასასურველი მცენარეებისგან, მწერებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან და მღრღნელებისგან, თუმცა მათ არასწორ ან ჭარბ გამოყენებას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს გარემოსა და ჯანმრთელობაზე.

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, მირანდა გორგილაძის განმარტებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გაუფრთხილებელი გამოყენება მნიშვნელოვანი გამოწვევაა:

„მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამ პრაქტიკის გავრცელების შესახებ შეზღუდულია, არსებული კვლევები და ანგარიშები მიუთითებს, რომ ფერმერების ნაწილი არ იცავს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეკომენდებულ ნორმებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს“ – ამბობს მირანდა გორგილაძე.

FAO-ს ცნობით, მსოფლიო სოფლის მეურნეობაში, ბოლო ათწლეულებში სასუქების და პესტიციდების მოხმარების ზრდა, გლობალური მოსახლეობის ზრდასა და სასურსათო მოთხოვნის მატებას უკავშირდება.

რა ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის პესტიციდების ჭარბი გამოყენება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, პესტიციდები პოტენციურად ტოქსიკურია ადამიანებისთვის და შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, რაც დამოკიდებულია პესტიციდების რაოდენობასა და ზემოქმედების გზებზე.

ამავდროულად, ჯანმო განმარტავს, რომ ადამიანები, რომლებსაც პესტიციდების ზემოქმედებით ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ, პირველ რიგში არიან ისინი, ვინც მათთან კონტაქტშია სამუშაოების შესრულებისას. 

აშშ-ს [EPA] გარემოს დაცვის სააგენტო ასევე წერს, რომ პესტიციდების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას:

„პესტიციდების ჯანმრთელობაზე გავლენა დამოკიდებულია პესტიციდის ტიპზე. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ორგანოფოსფატები და კარბამატები, გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. სხვებმა შეიძლება გააღიზიანოს კანი ან თვალები. ზოგიერთი პესტიციდი შეიძლება იყოს კანცეროგენი. სხვებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ორგანიზმში არსებულ ჰორმონებზე ან ენდოკრინულ სისტემაზე” – წერს EPA.

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მირანდა გორგილაძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გაუფრთხილებელი გამოყენება ძირითადად განათლების – სპეციალური ცოდნის, რეგულაციების და აგროტექნოლოგიური პრაქტიკის ხარვეზებითაა განპირობებული, მაგალითად:

„მიზეზია ცოდნისა და ცნობიერების ნაკლებობა, რაც ნიშნავს, რომ ფერმერების ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ქიმიკატების სწორი გამოყენების, დოზირების და უსაფრთხოების ზომების შესახებ;

არსებობს ეკონომიკური ფაქტორები – ზოგიერთი ფერმერი იყენებს იაფფასიან, მაგრამ ნაკლებად ხარისხიან ან არალეგალურ ქიმიკატებს, რაც ზრდის გაუფრთხილებელი გამოყენების რისკს;

პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე განთავსების და გამოყენების კონტროლი არ არის საკმარისად ეფექტური. მონიტორინგისა და აღსრულების სუსტი სისტემა არ აჩერებს ქიმიკატების გადაჭარბებულ მოხმარებას; 

შესაბამისად, ამ პრობლემის პრევენცია შესაძლებელია ფერმერთა ინფორმირების, მონიტორინგის სისტემების გაძლიერებისა და უსაფრთხო აგროტექნოლოგიების დანერგვის გზით“ – ამბობს მირანდა გორგილაძე. 

საქართველოში პესტიციდების ხარისხი, მათი რეგისტრაცია, ასევე სურსათში მათი შემცველობის შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

2023 წელს სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 522 ობიექტი შეამოწმა, რის შედეგადაც 37 ობიექტი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, დარღვევების უმრავლესობა მოიცავდა მარკირების, დაფასოებისა და შეფუთვის წესების დარღვევას, ასევე რეგისტრაციისა და აღიარების მოპოვების გარეშე მუშაობას, რისთვისაც 500-1000 ლარიანი ჯარიმები იყო გათვალისწინებული; ხოლო უხარისხო პრეპარატის რეალიზაციისთვის სულ სამი ობიექტი დაჯარიმდა 4000-4000 ლარით. კიდევ ერთი – ხარისხთან დაკავშირებული დარღვევაა ვადაგასული პრეპარატით ვაჭრობა, რომელიც გასულ წლებში დაფიქსირებულა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ 2021 წელს პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. დადგენილება 2024 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში.

ამ დადგენილებით გათვალისწინებულია, რომ პესტიციდის პროფესიონალ მომხმარებელს, დისტრიბუტორსა და კონსულტანტს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი; პესტიციდების რეალიზაციის მოთხოვნები, მაგალითად ის რომ დისტრიბუტორებს ჰყავდეთ სერტიფიცირებული პერსონალი, ასევე პესტიციდების შემტანი მოწყობილობის შემოწმების ვადები და სხვა ტექნიკური საკითხები.

მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების (პესტიციდები, ჰერბიციდები, ინსექტიციდები, სასუქები) გადაჭარბებული გამოყენება აგრიკულტურების ხარისხობრივ მახასიათებლებზეც აისახება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კვებითი ღირებულების შემცირებაში, ორგანოლეპტიკური თვისებების (გემო, არომატი, ტექსტურა) ცვლილებაში, შენახვის ვადის შემცირებაში, მაგალითად:

  • ანალიზები აჩვენებს, რომ პესტიციდებით ინტენსიურად დამუშავებული პროდუქტი ზოგჯერ შეიცავს დაბალ კონცენტრაციაში არსებულ ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს (მაგ. ასკორბინის მჟავა, პოლიფენოლები);
  • აზოტოვანი სასუქების ჭარბი რაოდენობით გამოყენება ხშირად იწვევს მცენარის უჯრედული სტრუქტურის ზედმეტ ზრდას, რასაც შედეგად მოსდევს საკვები ნივთიერებების განზავება;
  • პროდუქტის გემოსა და არომატის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარის ნივთიერებათა ცვლა, რაც შეიძლება დათრგუნოს გარკვეული ქიმიკატების გავლენით;
  • პესტიციდებით დამუშავებული ხილი და ბოსტნეული ზოგჯერ უკეთეს ვიზუალურ მახასიათებლებს ინარჩუნებს, მაგრამ ნაკლებად ინტენსიური არომატი და ბუნებრივი სიტკბო აქვს (მაგალითად, პომიდორი ან მარწყვი);
  • აზოტოვანი სასუქებით გაჯერებული პროდუქტი ხშირად წყლიანია და აქვს განზავებული გემო, რაც გამოწვეულია უჯრედშორისი წყლის არაბუნებრივად მაღალი შემცველობით.
ჯანმო: მომხმარებლებს შეუძლიათ შეამცირონ სურსათიდან პესტიციდების ნარჩენების მიღება ხილისა და ბოსტნეულის გაფრცქვნით ან მათი სათანადოდ გარეცხვით, რაც ასევე ამცირებს მავნე ბაქტერიების რაოდენობასაც. 

მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს უფრო ეფექტური დაცვისთვის, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. ის პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქციის კონტროლისა და პრევენციის საუკეთესო პრაქტიკად ევროპული გამოცდილებას მიიჩნევს:

„ევროპულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და ქიმიკატების ჭარბი გამოყენებისგან მოსახლეობის დასაცავად გამოიყენება კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობას, მონიტორინგს, განათლებას და ალტერნატიული მეთოდების ხელშეწყობას. 

საქართველოში პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქტების შემცირების ეფექტური გზა ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების ადაპტირებას მოითხოვს. მაგალითად, ეს არის კანონმდებლობის გამკაცრება – პესტიციდების მაქსიმალური ზღვრული ნორმების (MRL) მკაცრი კონტროლი; ლაბორატორიული ანალიზების ხელმისაწვდომობის ზრდა – სახელმწიფო დაფინანსებული მონიტორინგის პროგრამების გაძლიერება; ორგანული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ბიოპროდუქტების სუბსიდირებისა და პოპულარიზაციის გზით; მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა – ეტიკეტირების მკაცრი რეგულაციითა და სურსათის უვნებლობის საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნით; ასევე, ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში – სიზუსტის აგრონომიის (Precision Farming) განვითარება“.

ყოველდღიური მოხმარების ხილ-ბოსტნეულიდან ყველაზე მაღალი ალბათობით ქიმიკატებით ჭარბად დამუშავებულ პროდუქტებად მიიჩნევენ იმ კულტურებს, რომლებიც: ხშირად ზიანდება მავნებლებისა და დაავადებების გამო, დიდ რაოდენობით სჭირდება სასუქი ან პესტიციდური დამუშავება, მოთხოვნადია ბაზარზე და საჭიროებს ვიზუალურად მიმზიდველი გარეგნობის შენარჩუნებას. 

მირანდა გორგილაძის თქმით, ესაა ჩამონათვალი იმ ხილ-ბოსტნეულის, რომელიც ხშირად ექვემდებარება ქიმიკატებით დამუშავებას:

ხილი: 

  • ვაშლი – ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ დამუშავებული ხილია, რადგან მგრძნობიარეა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
  • მარწყვი – მცირე ზომის და ნაზი სტრუქტურის გამო ხშირად მუშავდება სოკოს საწინააღმდეგო და ინსექტიციდური პრეპარატებით.
  • ყურძენი – ხშირად გამოიყენება ფუნგიციდები, განსაკუთრებით ტენიან რეგიონებში.
  • ატამი, ნექტარინი (ვაშლატამი) – მგრძნობიარეა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ, რის გამოც საჭიროებს ხშირ ქიმიურ დამუშავებას.
  • ატამი, ქლიავი, ალუბალი – ჭარბად მუშავდება პესტიციდებით მწერებისა და დაავადებების კონტროლისთვის.
  • ციტრუსები (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) – შესაძლებელია ცვილითა და კონსერვანტებით დაფარვა შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.

ბოსტნეული:

  • პომიდორი – ხშირად ექვემდებარება პესტიციდურ და ჰერბიციდურ დამუშავებას.
  • წიწაკა (ბულგარული, ცხარე) – მაღალი რისკის პროდუქტია, რადგან მავნებლები ხშირად აზიანებენ მას.
  • კიტრი – მუშავდება პესტიციდებით, რადგან მგრძნობიარეა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
  • ისპანახი, სალათის ფოთოლი, კომბოსტო – ფართოდ გამოიყენება ინსექტიციდები მწერებისა და პარაზიტების წინააღმდეგ.
  • სტაფილო – ნიადაგში არსებული დაავადებების პრევენციის მიზნით ხშირად მუშავდება ქიმიკატებით.
  • კარტოფილი – ფართოდ გამოიყენება ჰერბიციდები სარეველების კონტროლისთვის და ინსექტიციდები მავნებლების წინააღმდეგ.

წყარო: ბათუმელები