თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში სასუქების დიდი ოდენობით გამოყენება სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენს, - არღვევს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლას, მოქმედებს სისხლის წითელ ბურთულებზე და ხელს უშლის ჟანგბადის შეთვისებას, ასევე აქვეითებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.
გახოკიძის ინფორმაციით, მიწათმოქმედებმა ქიმიური სასუქების გამოყენება მე-19-ე საუკუნიდან დაიწყეს. სასუქების ორი ჯგუფია - მინერალური და ორგანული. მინერალური სასუქებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფტორის, ფოსფორისა და აზოტის ნაერთები, რომელიც ყველაზე ტოქსიკურად მიიჩნევა.
აკადემიკოსი ხაზს უსვამს, რომ მინერალური სასუქების შემცველი მტვრის შესუნთქვა იწვევს ზედა სასუნთქი გზების კატარს, რინიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმოკონიოზს. ხანგრძლივი შემხებლობისას შესაძლებელია ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია. ამონიუმის ნიტრატის გამოყენება აკრძალულია საბაღჩე კულტურათა სასუქად, თუმცა, ქართულ რეალობაში, მეცნიერის ინფორმაციიტ, მაინც ხდება მისი გამოყენება.
"ნიტრატები ნაწლავებში ფერმენტებთან ერთად წარმოქმნის ნიტროზამინებს, ანუ, ავთვისებიან სიმსივნეთა გამომწვევ ნივთიერებებს, ამიტომ სოფლის მეურნეობაში მისი გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და გაკონტროლდეს", - ამბობს რამაზ გახოკიძემ.
ყველაფერი აქ არ მთავრდება.
აგროქიმიის უკონტროლო და მაღალი ინტენსივობა პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ მიწათმოქმედებისათვის, არამედ ეკოლოგიისათვისაც. როგორც რამაზ გახოკიძე ამბობს, ის ნიადაგს "აფუჭებს", ფიტავს, ადეგრადირებს, უარესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, მატულობს ნიადაგის მჟავიანობა, იცვლება არასასურველი მიმართულებით ცალკეული ქიმიური ელემენტის შედგენილობა, აქტიურდება ორგანული ნივთიერებების დაშლა.
რაც ყველაზე სახიფათო და საშიშია, როგორც მეცნიერი გვეუბნება, ისინი ფარული ხასიათის არიან და მათი აღმოჩენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგაა შესაძლებელი.
ამ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობენ გარემოს დამცველებიც, რომელთა ინფორმაციითაც, საქართველო სოფლის მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების მოხმარებით პირველ ადგილზეა, რაც დაუშვებელია და აუცილებელია ამ სფეროს რეგულაცია.
როგორც „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე განმარტავს, აუცილებელია და თანაც დაიყოვნებლივ, ამ სფეროს რეალური რეგულირება. მისივე თქმით, მზადაა კანონპროექტიც.
"ჩვენ არ გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონი. თუმცა, კანონპროექტი უკვე არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ქიმიური ნივთიერებების შემნახველ საწყობებს შეამოწმებენ. ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება ფეთქებადია, მათ შორის გვარჯილაც, რომელსაც კიდევ ცალკე რეგულაციები სჭირდება.
საქართველო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთან მიმართებით ქიმიური ნივთიერებების მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ გვაქვს შეზღუდვა მოხმარებაზე, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ და ეს გამოსასწორებელია. მოსახლეობა ნერგებს სასუქს თვითონ აყრის და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. საბოლოო ჯამში ის ამით კლავს მცენარეს. ეს, რა თქმა უნდა, გადადის პროდუქტში და იწამლება ძალიან ბევრი ადამიანი. რეალურად, ეს არის მიზეზი მომნელებელი სისტემის დაავადებების.
ამიტომ, ამ სფეროს რეალური რეგულირება უნდა მოხდეს. კანონპროექტი, როგორც გითხარით, მზად არის და დამატებითი განხილვები, ალბათ, კიდევ იქნება. ვიმედოვნებ, რომ ის კანონად იქცევა", - ამბობს ჩხობაძე.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის შესაბამისად იანგარიშება და ყოველ კილოგრამზე 5 მილიგრამია. მაგალითად, თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზა 350 მილიგრამია. ახალშობილებისა და მეძუძური დედებისთვის ეს რიცხვი გაცილებით დაბალია, 10 მილიგრამმაც კი შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
წყარო: "აგრო სიახლეები"