გურია 23-24 აგვისტოს გემო ფესტს მასპინძლობს - ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გურია გემო ფესტის მასპინძლობისთვის მზადაა. ბოლო სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და მისმა მოადგილემ თამაზ იორაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად შეკვეთილში დაათვალიერეს.
გემო ფესტი გურიაში პირველად ტარდება, ფესტივალი 23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 13 მზარეული მონაწილეობს.
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.