სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ბაზარი საქართველოში სტაბილურად ვითარდება, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება.
„რამდენად პოზიტიურ ტენდენციას აჩვენებს სადაზღვევო ბაზარი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია - პასუხს ორი მიმართულება აქვს. ერთია, რომ ბევრად უკეთესად შეიძლება იყოს მდგომარეობა და მეორე - ის, რაც ხდება საქართველოში წლების მანძილზე, ცალკე აღებული ცუდი არ არის, რადგან ფიქსირდება ზრდა. კერძოდ, ზოგ წელიწადში 20%, წელს შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, ბოლო ციფრები მალე გვექნება, ალბათ, სადღაც 15%-მდე. ესეც უკვე კარგი ზრდა არის, რადგან ეს არის მეტი ზრდა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ვიდრე კერძო სექტორი იზრდება, მაგრამ რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამოწურულია ის ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომელიც სადაზღვევო ბაზარსა და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებას აქვს. ამას ხელს უშლის ის, რომ უამრავი წელია, ვერ გადავწყვიტეთ საქართველოში სავალდებულო დაზღვევის საკითხები, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც მთელ მსოფლიოში სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების ლოკომოტივია. ახლაც ვართ ასეთ ვითარებაში - პარლამენტში რეგისტრირებულია კანონმდებლობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისივე თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში, საზოგადოება თავადვე იგრძნობს მის მნიშვნელობასა და სიკეთეებს.
„არ ველით ამ დაზღვევისგან უშუალო შედეგს მაღალ მოგებაზე, რადგან მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სავალდებულო დაზღვევა, რასაკვირველია, ზრდის ბრუნვას, მაგრამ არა - მოგებას. თუმცა, რის გამოც ჩვენ ასე ვიბრძვით ამ სადაზღვევო ურთიერთობების გაძლიერებისთვის არის ის, რომ როცა 2 მილიონი ადამიანი, ოჯახი შევა სადაზღვევო ურთიერთობებში და იმ სიკეთეს ნახავს, რაც დაზღვევის ქონას აქვს, ამის შემდეგ ის ტრადიციული ისტორიული წარსული, რომელიც ხელს უშლიდა დაზღვევის განვითარებას, ნიველირდება, წაიშლება და საზოგადოებაცა და ეკონომიკაც მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ყველანაირი ეკონომიკური შოკისა და რისკისგან“, - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.