რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, თუმცა პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის დასრულდება შოვში სამძებრო სამუშაოები.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა, პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

გარდა ამისა, მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მისი თქმით, ამჟამად ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, თემურ მღებრიშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, სამძებრო ღონისძიებებში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული.