“ყველა ახალი მშენებლობა თბილისის ისტორიულ ზონაში, მისი ისტორიული ქსოვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, არის კრიტიკული – ერთი შეიძლება აშენდეს, მაგრამ მის მაგივრად ორი დაინგრეს”
სოლოლაკში, ინგოროყვასა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე, შესაძლოა შეგიმჩნევიათ მომწვანო ფერის ძველი სახლი, რომელშიც, ფასადზე განთავსებული აბრის თანახმად, საქართველოს გასაბჭოებამდე, რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ფუნქციონირებდა.
მაგრამ ძველი ქალაქის ლამაზ ფასადებს მიღმა უმძიმესი რეალობა იმალება.
ინგოროყვას ქუჩის მცხოვრები თათია ჭელიძე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ეზოში, ინგოროყვას პირველ და სამ ნომრებს შორის დაწყებულ მშენებლობას უკავშირდება. პროექტის მიხედვით, ახალ, ხუთსართულიან შენობაში საცხოვრებელ და კომერციულ ფართები იქნება განთავსებული.
დახრილი იატაკი, და კედლებზე გაჩენილი ბზარები ამ სახლის მცხოვრებლებისთვის ის ყოველდღიურობაა, რომელშიც წლების განმავლობაში უწევთ ცხოვრება, თუმცა ძველი ქალაქის მცხოვრებლები ახალი მშენებლობის დაწყებამ მაინც ძალიან შეაშინა.
“მუდმივად მზარდია ბზარები, ნაგვის მანქანა რომ გაივლის ჩვენს სახლში ცვივა ჭერიდან სულ ნაწილაკები… ერთ მტკაველზე მეტად არის გაზრდილი ბზარები. შარშან, როდესაც დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, კედელი დამხვდა გახსნილი და კარს დღემდე ვეღარ ვკეტავ. ჰქონდათ უზარმაზარი ბურღი შემოტანილი, რომლის მუშაობის დროს გარეთ გავდიოდით, შვილებს ვეღარ ვტოვებდით, სამი ნომრის კედელზე დაფიქსირდა ბზარის ორ მტკაველზე გაშლა და სახლების მუდმივი მოძრაობა, მუდმივი რყევა იყო,” – ამბობს ინგოროყვას პირველი ნომრის მცხოვრები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე თათია ჭელიძე. ბურღის მუშაობის კადრები ინგოროყვას პირველი ნომრის მცხოვრებლებმა აივნიდან გადაიღეს. ჩვენი მისვლის მომენტისთვის ეზოში სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ამიტომ მხოლოდ სამშენებლო მოედნის გადაღება შევძელით.
მეზობლების ინფორმაციით, ეზოს ნაწილი 2007 წელს უკანონოდ გაჩუქდა, ერთი წლის შემდეგ კი აქ მშენებლობის პირველი ნებართვა გაიცა. ტერიტორიის გასხვისებას ადგილობრივები მაშინ აქტიურად აპროტესტებდნენ. პატარა, მწვანე ეზო უბნის მცხოვრებლებისთვის გამორჩეულად საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო.
ვითარების გასარკვევად, ამხანაგობის თავმჯდომარე მერიაში იმყოფებოდა. ის გვიყვება, რა პასუხი მიიღო წუხილზე, ავარიული სახლის მდგომარეობის დამძიმების გამო.
“მკითხეს, დავზიანდი თუ არა და რატომ მქონდა პროტესტის განცდა… მე ვუთხარი, სანამ დავზიანდებით, მანამდე უნდა ამოვიღო ხმა, თორემ ბათუმის მაგალითი გვაქვს, რაჭის მაგალითი გვაქვს და არ მინდა, რომ შემდეგი ასეთი შემთხვევა ინგოროყვაზე მოხდეს-მეთქი. ვერ მაჩვენეს პროექტი, ვერ მაჩვენეს გეოლოგის დასკვნა, ვერ მაჩვენეს შეფასებები, რის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მითხრეს, რომ წავსულიყავი სასამართლოში,“ – ჰყვება თათია ჭელიძე.
სასამართლოში სარჩელი მართლაც შეიტანეს. ისტორიული სახლის მცხოვრებლები მშენებლობის დროებით შეჩერებას ითხოვენ, მანამ, სანამ მომიჯნავე შენობების გამაგრება არ მოხდება.
ინგოროყვას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით “ევრონიუს ჯორჯიამ” თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა.
„თავდაპირველად, არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა 2008 წელს. 2013 წლის 7 აგვისტოს კი გაიცა მშენებლობის ნებართვა კორექტირებულ პროექტზე. 2015 წლიდან მოყოლებული, დამკვეთმა განცხადებით არაერთხელ მოითხოვა ვადაგასული ნებართვის ვადის გაგრძელება, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მხრიდან პროექტის დაწუნებისა და ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, რჩებოდა განუხილველი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, 2024 წლის 22 მაისს შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (შემცირებული მასშტაბის) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2025 წლის 14 იანვარს, დამკვეთმა კვლავ შემოიტანა განცხადება პროექტის კორექტირებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვის დროს, სხვა საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, შესწავლილი იქნება მომიჯნავე შენობებზე მშენებლობის პროცესის ზეგავლენის საკითხი“, – ნათქვამია მერიისგან მიღებულ წერილში.
მშენებლობისგან მიყენებულ ზიანზე საუბრობენ მოპირდაპირე მხარეს, ინგოროყვას 2 ნომრის მცხოვრებლებიც.
„ჩემი სახლი ორი წლის წინ გავარემონტე და ამ დროს კედელი იატაკიდან ინგოროყვას მხარეს უკვე 2 სანტიმეტრით იყო დაშორებული, წესით, თაბაშირმუყაო რომ კეთდება კედელზე, ბადე მაგრდება, რომელიც სამ სანტიმეტრამდე ცვლილებას უძლებს და არ წყდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო მშენებლობა, ეს გიფსოც გაშლილია და ბადეც გამწყდარი. უკვე ძალიან მეშინია, ამ შენებლობის პროცესის დროს სახლში გაჩერება,“ – ამბობს ანა მოსიაშვილი
ძველ უბანში ახალი მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ მესაკუთრეს, კომპანია EL GEORGIA-ს მივმართეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ.
„პროექტი მომზადდა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტების, მათ შორის, წამყვანი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების მონაწილეობით და პროექტის მომიჯნავე და მიმდებარე შენობების ავარიული მდგომარეობის გათვალისწინებით.
მიუხედავად ამისა, ჩვენმა კომპანიამ დამატებით გაიღო მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი და ჩაატარა საინჟინრო-საპროექტო გეოლოგიური კვლევები. ამ კვლევების საფუძველზე მომზადდა დამატებითი კონსტრუქციული და არქიტექტურული გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მომიჯნავე შენობების დაცვას გარეგანი ზემოქმედებისგან და მათ უსაფრთხოებას – ნათქვამია კომპანიისგან მიღებულ წერილში.
კომპანიამ შპს „მშენ-ექსპერტი+“-ის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიში გამოგვიგზავნა.
„პროექტის კონსტრუქციული ნაწილი პასუხობს საქართველოში მოქმედი პროექტირების ნორმების და რეგლამენტების მოთხოვნებს და ეძლევა დადებითი შეფასება. პროექტის კონსტრუქციული ნაწილის და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საპროექტო შენობის მშენებლობის პროცესი და შენობის ექსპლუატაცია უარყოფით გავლენას არ მოახდენს მომიჯნავე ნაგებობების და გზის მდგომარეობაზე“
აქვე ნათქვამია, რომ „ახალი ბზარის გაჩენის, ან არსებული ბზარების პროგრესირების შემთხვევაში, ტექნიკური ზედამხედველობის მიერ მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.“
„ერთი წლის წინ არის ჩატარებული კვლევა და რეაბილიტაციის პროგრამა იგეგმებოდა ინგოროყვას ქუჩაზე, ზუსტად ამიტომ შერჩა ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩები, რომ ძალიან მძიმე კონსტრუქციული მდგომარეობა აქვს აქ შენობებს. ყველა შენობა ძალიან ღირებულია არამარტო არქიტექტურული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც, ფასადები ავთენტური სახით არის შემორჩენილი, ამიტომაც დაიგეგმა ამ ორ ქუჩაზე რესტავრაციის ჩატარება, მაგრამ, სამწუხაროდ, რა ბედი ეწევა ამ რესტავრაციის პროექტებს, მე არ ვიცი, თბილისის განვითარების ფონდს ამდენი თანხა არ აქვს, რომ ყველაფერი ერთად გააკეთოს. როგორც ვიცით, ახლა რუსთაველის რეაბილიტაცია იგეგმება, მაშინ როდესაც რუსთაველის შენობებს კონსტრუქციული პრობლემა არ აქვს და რესტავრაცია არც გულისხმობს მათ გამაგრებას. პრიორიტეტული იყო, რა თქმა უნდა, სულხან-საბას, ინგოროყვასა და დადიანის ქუჩები, რომლებზეც მანამდე გაკეთდა პროექტები. სავარაუდოდ, რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო, ჯერ რუსთაველს გააკეთებენ და ინგოროყვასა და სულხან-საბაზე ფული აღარ ეყოფათ. ეს ქუჩები დარჩება ისევ ასე – ღმერთზე ჩამოკიდებული“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.
როგორც თბილისის განვითარების ფონდში გვითხრეს, ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების რეაბილიტაციის გეგმა მართლაც არსებობს, თუმცა, პროცესის დაწყების კონკრეტულის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ქუჩების რეაბილიტაცია დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ჯერჯერობით ასახული არ არის.
„ერთი პრობლემა არის თვითონ მაცხოვრებლებისთვის, რადგან ისინი ეზოს კარგავენ, მეორე უდიდესი პრობლემაა თბილისისთვის დამახასიათებელი ქუჩათა ქსელის, მორფოლოგიის ცვლილება და მესამე ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, მაინც არის კონსტრუქციული პრობლემა, რომელსაც იწვევს ახალი მშენებლობა. ყველა ახალი მშენებლობა თბილისის ისტორიულ ზონაში მისი ისტორიული ქსოვილის მდგომარეობიდან გამომდინარე არის ძალიან კრიტიკული, ამიტომ ერთი შეიძლება აშენდეს, მაგრამ მის მაგივრად ორი დაინგრეს. ან თუ არ დაინგრევა პირდაპირი მნიშვნელობით დღესვე, ძალიან მალე მოუსწრაფოს სიცოცხლე.
ქალაქი, რა თქმა უნდა, არ არის მუზეუმი, ახალი მშენებლობა შესაძლებელია, შევსების დიზაინი ჰქვია ამ მეთოდოლოგიას როდესაც ახალი მშენებლობა სრულად ითვალისწინებს ისტორიულ გარემოს, თუმცა ამ ვიზუალთან ერთად მნიშვნელოვანია დაცული იყოს მიმდებარე შენობების ფიზიკური მდგომარეობა და არ მოხდეს მათი გაუარესება. ეს აუცილებელია და ამიტომაც ხდება ხოლმე ფრთხილად ჩარევა“, – ამბობს ამაშუკელი.
ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლები ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.
„მანამდე მშენებელი განაგრძობს მუშაობას, რომ გავა ორი წელი და ორი წლის მერე რომ გვითხრან, გაუქმდა ეს მშენებლობაო, უკვე გვექნება კონსტრუქციული ნაწილი, ალბათ, ახალი შენობის და სახლები ირგვლივ ან იქნება, ან არ იქნება. როცა ესენი გამყარდება ააშენოს, ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ მშენებლობამ ჩვენ არ უნდა დაგვაზიანოს, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ისედაც ავარიული სახლები უფრო ავარიული არ გახადოს“, – ინგოროყვას პირველი ნომრის მცხოვრები თათია ჭელიძე.
წყარო: euronews georgia