საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კანონის ავტორები და ინიციატორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

"2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. კერძოდ, შემუშავდება საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური კაპიტალის გაძლიერების, პროფესიონალიზმის ამაღლების, ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე შესაბამისი პოლიტიკური დონის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და რეფორმის კოორდინირებული განხორციელების მიზნით. საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება კანონმდებლობა და მკაფიოდ დადგინდება საჯარო სამსახურის ფარგლები, მათ შორის, დაზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ჩარჩო. საჯარო სამსახურში დაინერგება ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული სისტემიდან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული განვითარების სისტემაზე გადასვლას", - წერია განმარტებით ბარათში.

იურისტების განმარტებით, სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის, თუმცა კანონში მიღებული ცვლილებებით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად.

ცვლილებებს ეხმაურება იურისტი თამარ სურმავა და ცვლილებებს განმარტავს:

"მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონით - მუხლი 27.1. - „1. მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი.“ მითითებული ნორმის - 27.1. [სადაც საუბარია სახელმწიფო ენაზე, ასაკზე და სერთიფიკატზე] მოქმედება არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. შესაბამისად, თუ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი [მაგ. დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე] აღარ არის საჯარო მოხელე [რომლის მიმართაც მოქმედებს ეს ნორმა] და არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მაშინ ეს ნორმა მასზე არ ვრცელდება," - წერს იურისტი და იქვე განმარტავს, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა.

"ასე დატოვებენ თუ კიდევ შეიტანენ კანონში ცვლილებას, ნამდვილად ვერ გეტყვით," - წერს სურმავა.

საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძეც.

"საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის. ამ კანონში შეტანილი სხვა მავნებლური ცვლილებების ფონზე ეს დეტალი გამორჩათ თუ გამოტოვეს, ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მოადგილე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც ქართული არ იცის",წერს Facebook-ზე ქურდოვანიძე.