თსუ პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება. თსუ-ს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა.

გამოცხადებულ კონკურსში რვა პრეტენდენტმა (ესენია: შპს „ეი-დი-ეს“; შპს „არქიკოლეგიუმი“; შპს „გრინსტუდიო“; შპს „ნს სტუდიო“; შპს „ვოლ“; შპს „ტასჰაბი“; შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“; შპს „მორფ“) წარადგინა პროექტები, რომელთაგან გამარჯვებული 5 თებერვალს გამოვლინდება.

თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი თსუ-ის პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ  აშენდება, სადაც ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს.

თსუ-ის პირველ კორპუსში, გაცნობისა და შეფასებისთვის, გამოიფინა 8 არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტი, რომლის დათვალიერებაც  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.