საბავშვო ბაღების რეფორმის ფარგლებშიც მოქმედი ბაღების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. გაირკვა, რომ საქართველოში 2028 ბაღია, აქედან 323 კერძოა, 1705 - საჯარო. თვითშეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, ბაღების ავტორიზაციის პროცესი და გრაფიკი უნდა გაიწეროს, თავად ავტორიზაცია კი 2025 წლიდან დაიწყება. ავტორიზაციის მისაღებად კი კერძო და საჯარო ბაღებს კონკრეტული ნორმების და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, მათ შრის საუბარია სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებზე, ისე კვებითი რაციონის ნორმებზე და ინფრასტრუქტურული სტანდარტები და პერსონალის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამები.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში სკოლა „შავნაბადას“ დამფუძნებელმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა, საბავშვო ბაღების რეფორმა არა თუ დროული, დაგვიანებულიცაა, რადგან ბაზარზე გვაქვს ძალიან ბევრი და მრავალმხრივი საბავშვო ბაღი, სადაც ხშირად არანაირი სტანდარტი დაცული არ არის.

„0-დან 6 წლამდე ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც  მათი განვითარება ჰარმონიულად მოხდება. მათ სჭირდებათ ეზო, სათამაშო სივრცე, სამედიცინო პუნქტი და ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელიც მათი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. სტანდარტი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის ოთახში 1 ბავშვზე გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 2 კვადრატული მეტრი. თუ პირობითად ჯგუფში 15 ბავშვია, მათი ოთახი უნდა იყოს არანაკლებ 30 კვადრატული მეტრი. მსგავსი სტანდარტი თავისთავად არეგულირებს ბავშვების უფლებებს. ამიტომ, ამ სტანდარტის მიღების შემთხვევაში, კორპუსში არსებული კერძო ბაღებს იმდენი ბავშვის მიღება მოუწევთ, რამდენსაც ეს სტანდარტი ავალდებულებს“, - აცხადებს ავთანდილ აბდუშელიშვილი.

მისი თქმით, რეფორმა არ გულისხმობს იმას, რომ ერთი ხელის მოსმით გაქრება კერძო ბაღები, თუმცა პროცესი დაეტყობა როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებს.