„რუსული კანონის მიღების დღიდან დაწყებულია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების დაპაუზების პროცესი“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას შშმ პირთა უფლებების აქტივისტმა და სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, კობა ნადირაძემ განაცხადა.

საქართველო გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას 2014 წელს შეუერთდა და როგორ შშმ პირები ამბობენ, ბოლო 10 წელია საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან აღნიშნული კონვენციის პრინციპების განხორციელებაში. „რუსული კანონის“ ამოქმედებით საფრთხის ქვეშ დგება არა მარტო უცხოური დონორი ორგანიზაციების მუშაობა, არამედ საფრთხე ექმნება თავად შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს (Disable Person Organisation - DPO), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონვენციის სრულფასოვან განხორციელებაში. კობა ნადირაძე ამბობს, რომ მათი მუშაობის შეფერხება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას დააპაუზებს.

„გაეროს შშმ პირთა კონვენციის განხორციელების წარმატება დამოკიდებულია თავად შშმ პირთა მონაწილეობაზე. ამას განსაზღვრავს კონვენციის მე-4, მე-3, 29-ე, 33-ე მუხლები, სადაც საუბარია იმაზე, რომ შშმ პირები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ჩართული განხორციელების პროცესში. ეს მოიცვას დაგეგმვის, განხორციელების და შეფასება-მონიტორინგის პროცესს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ შეფასებასა და მონიტორინგის ნაწილზე, აქ საუბარია იმაზე, რომ კონვენციის განხორციელებაში ჩართული არიან სხვადასხვა ფუნქციის მქონე ორგანიზაციები. მათ შორის - მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა სერვისებს აწვდიან შშმ პირებს, ასევე კვლევის, ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები (როგორიცაა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, საია, რომლებიც მომართული არიან, მათ შორის, შშმ პირთა უფლებების დაცვაზე). მაგრამ არის კიდევ მესამე კატეგორიის ორგანიზაციები. ეს არის თავად შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები (Disable Person Organisation - DPO). ასეთ ორგანიზაციებად ითვლებიან ორგანიზაციები, რომლებიც თავად შშმ პირებისგანაა შექმნილი. კონვენციაშია გაწერილი, რომ ეს ორგანიზაციები უნდა მონაწილეობდნენ ყველა პროცესში“, - გვიხსნის კობა ნადირაძე და ამბობს, თავადაც შშმ პირია და სწორედ შშმ პირებს აქვთ მეტი ცოდნა და „ექსპერტიზა“ იმასთან დაკავშირებით - რა სჭირდებათ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ორგანიზაციები დაფინანსებას დამოუკიდებელი და არა სახელისუფლებო წყაროებიდან იღებდნენ.

„დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები დასავლეთის ქვეყნებში უამრავია, საქართველოში - არ არის. ამიტომ რჩება ერთი წყარო - უცხოეთის დაფინანსება, უცხოური დონორი ორგანიზაცია. ეს კანონი, რა თქმა უნდა, საფრთხეს ქმნის, რადგან ეს დონორი ორგანიზაციები ქვეყანას დატოვებენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ კონვენცია დაპაუზდება. თუ ვინმე იტყვის, რომ კონვენცია ხორციელდება, ეს იქნება ტყუილი, რადგან მას აკლია მთავარი ფაქტორი, შშმ პირთა მონაწილეობა. რაც ხარვეზია. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე რუსეთში მომუშავე შშმ პირთა ორგანიზაციებთან. იქ რაც „რუსული კანონის“ მსგავსი კანონი მიიღეს, შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები გაქრა“, - ამბობს კობა ნადირაძე.

მისივე თქმით, სანამ პარლამენტი ამ კანონს მიიღებდა, კონსულტაცია უნდა გაევლოთ შშმ პირების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, რაც არ გააკეთეს. უფრო მეტიც, შშმ პირები მისული იყვნენ პარლამენტში, როცა კანონის მეორე მოსმენა იყო, დასწრება სურდათ, მაგრამ სხდომაზე არ შეუშვეს.