„პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე რუსეთში მომუშავე შშმ პირთა ორგანიზაციებთან. იქ რაც „რუსული კანონის“ მსგავსი კანონი მიიღეს, შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები გაქრა“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას შშმ პირთა უფლებების აქტივისტმა და სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, კობა ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული კანონი“ საქართველოში გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებას აპაუზებს, რომელსაც საქართველო 2014 წელს შეუერთდა და იმის საფრთხესაც ხედავს, რომ კანონი შშმ პირებს ისევ „ინვალიდებად“ აქცევს.

კობა ნადირაძე გვიყვება, რომ საბჭოთა პერიოდში, თბილისში, ფონიჭალაში უსინათლოების გეტოები არსებობდა, სადაც უსინათლოებისთვის ცალკე ქარხნები იყო მოწყობილი და მათთვის ხმოვანი შუქნიშნები მუშაობდა. მისი თქმით, თუ რუსული კანონი ამოქმედდა, დღესაც არის იმის საფრთხე, რომ შშმ პირები საზოგადოებისგან გაირიყონ.

„უსინათლოთა დახურული ორგანიზაციები საბჭოთა დროსაც იყო, უსინათლოთა ქალაქი არსებობდა ფონიჭალაში, სადაც უსინათლოები  სპეციალურ ცეხებში იყვნენ დასაქმებული, არსებობდა უსინათლოთა სკოლები. (ასეთი სკოლები დღესაც არის. სამწუხაროდ, ინკლუზია ბოლომდე არაა განხორციელებული). იმ უბანში იყო ხმოვანი შუქნიშნები. უსინათლოები ცალკე ცხოვრობდნენ გეტოებში. რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა, რომელიც ძალიან შორსაა დემოკრატიასთან და ინტეგრაციასთან. ძველ კანონებს რომ გადახედოთ, ქართულ კანონმდებლობაში ჯერ კიდე არის შემორჩენილი ტერმინი  „ინვალიდი“. ამ კანონმა ჩვენ შეიძლება ისევინვალიდებადგვაქციოს. ეს არის ძალიან სერიოზული. ამიტომ კანონი მართლაც რუსულია“, - აცხადებს კობა ნადირაძე.

რატომ შეიძლება დაპაუზდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელება საქართველოში?

საქართველო გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას 2014 წელს შეუერთდა და როგორ შშმ პირები ამბობენ, ბოლო 10 წელია საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან აღნიშნული კონვენციის პრინციპების განხორციელებაში. „რუსული კანონის“ ამოქმედებით საფრთხის ქვეშ დგება არა მარტო უცხოური დონორი ორგანიზაციების მუშაობა, არამედ საფრთხე ექმნება თავად შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს (Disable Person Organisation - DPO), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონვენციის სრულფასოვან განხორციელებაში. კობა ნადირაძე ამბობს, რომ მათი მუშაობის შეფერხება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას დააპაუზებს.

„გაეროს შშმ პირთა კონვენციის განხორციელების წარმატება დამოკიდებულია თავად შშმ პირთა მონაწილეობაზე. ამას განსაზღვრავს კონვენციის მე-4, მე-3, 29-ე, 33-ე მუხლები, სადაც საუბარია იმაზე, რომ შშმ პირები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ჩართული განხორციელების პროცესში. ეს მოიცვას დაგეგმვის, განხორციელების და შეფასება-მონიტორინგის პროცესს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ შეფასებასა და მონიტორინგის ნაწილზე, აქ საუბარია იმაზე, რომ კონვენციის განხორციელებაში ჩართული არიან სხვადასხვა ფუნქციის მქონე ორგანიზაციები. მათ შორის - მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა სერვისებს აწვდიან შშმ პირებს, ასევე კვლევის, ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები (როგორიცაა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, საია, რომლებიც მომართული არიან, მათ შორის, შშმ პირთა უფლებების დაცვაზე). მაგრამ არის კიდევ მესამე კატეგორიის ორგანიზაციები. ეს არის თავად შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები (Disable Person Organisation - DPO). ასეთ ორგანიზაციებად ითვლებიან ორგანიზაციები, რომლებიც თავად შშმ პირებისგანაა შექმნილი. კონვენციაშია გაწერილი, რომ ეს ორგანიზაციები უნდა მონაწილეობდნენ ყველა პროცესში“, - გვიხსნის კობა ნადირაძე და ამბობს, თავადაც შშმ პირია და სწორედ შშმ პირებს აქვთ მეტი ცოდნა და „ექსპერტიზა“ იმასთან დაკავშირებით - რა სჭირდებათ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ორგანიზაციები დაფინანსებას დამოუკიდებელი და არა სახელისუფლებო წყაროებიდან იღებდნენ.

„დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები დასავლეთის ქვეყნებში უამრავია, საქართველოში - არ არის. ამიტომ რჩება ერთი წყარო - უცხოეთის დაფინანსება, უცხოური დონორი ორგანიზაცია. ეს კანონი რა თქმა უნდა საფრთხეს ქმნის, რადგან ეს დონორი ორგანიზაციები ქვეყანას დატოვებენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ კონვენცია დაპაუზდება. თუ ვინმე იტყვის, რომ კონვენცია ხორციელდება, ეს იქნება ტყუილი, რადგან მას აკლია მთავარი ფაქტორი, შშმ პირთა მონაწილეობა. რაც ხარვეზია“, - ამბობს კობა ნადირაძე.

რა საფრთხეს ხედავენ შშმ პირებირუსულ კანონში“?

თავად შშმ პირები აცხადებენ, რომ რუსული კანონი შეზღუდავს: შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართულ სამართლებრივი ადვოკატირების შესაძლებლობებს; გააღრმავებს კორუფციას, მათ შორის შშმ პირთა განვითარების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების საფეხურებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქცევს ინვალიდებად და ა.შ. 

„დეპუტატები და ქალაქის მერი ამბობენ, რომ კანონი არ ეხება შშმ პირებს. მაგალითისთვის, ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის“, ყველაზე მეტი სარჩელი აქვს მოგებული სასამართლოში შშმ პირების უფლებებთან დაკავშირებით. რომ შეაფერხებენ მის მუშაობას, ამით არ იზარალებს შშმ პირი, კანონი მას არ შეეხება?“ - სვამს კითხვას კობა ნადირაძე.

მისივე თქმით, სანამ პარლამენტი ამ კანონს მიიღებდა, მათ კონსულტაცია უნდა გაევლოთ შშმ პირების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, რაც მათ არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, შშმ პირები მისული იყვნენ პარლამენტში, როცა კანონის მეორე მოსმენა იყო, დასწრება სურდათ, მაგრამ სხდომაზე არ შეუშვეს.

შშმ პირთა უფლებადამცველი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის საჭირო სერვისებს, ამიტომ მათ დონორი ორგანიზაციების მოძიება უწევთ, ახლა კი მათ ეს კარიც ეხურებათ.

„შშმ პირებისთვის სახელმწიფო ვაუჩერები მინიმალურია. არ შეუძლიათ, რომ შშმ პირები ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყონ. ეს ვაუჩერი მარტო კვებას და კომუნალურ გადასახადებს ფარავს. სახელმწიფოს არ აქვს პროგრამები, რომლებიც შშმ პირებს მისცემდა განვითარების, დღის ცენტრებში სწავლის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი ხდება უცხოეთიდან შემოსული თანხებით კეთდება. ამ კანონის გამო ეს ორგანიზაციები უცხო ძალის გავლენის გამტარებლებად უნდა დარეგისტრირდნენ და ეს სტიგმა მიიკრან, რაც არასწორია“, - ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, კიდევ ერთი დიდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, რომ შშმ პირის პერსონალურ მონაცემები - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვს. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია მათ მიმართ, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რადგან ქვეყანაში ასეთი დარღვევების მიმართ სტიგმაა და ადამიანები მის დამალვას ცდილობენ.

„მეორე საფრთხე არის ის, რომ პერსონალურ მონაცემებს იძიებენ. ნებისმიერი შშმ პირის მონაცემები შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფომ. მათიც, ვისაც ფსიქიკური დარღვევები აქვთ. ქვეყანაში ასეთი დარღვევების მიმართ სტიგმაა და ადამიანები ცდილობენ, დამალონ. ამიტომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწევთ ამ ადამიანების დიაგნოზი გაამჟღავნონ, თუ ამას იუსტიციის სამინისტრო მოიკითხავს“, - ამბობს ესმა გუმბერიძე.

მისი თქმით, კანონი შეეხება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა სერვისებითა და მხარდაჭერითაც შშმ პირები სარგებლობენ. ეს ორგანიზაციებია: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,  „კამილიელთა ასოციაცია“, „ხელი ხელს“ და ა.შ.

„დილემაა - ან უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად ან მოუწევთ, რომ დაიხურონ. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ბენეფიციარი დარჩება საჭირო სერვისების გარეშე. დონორული დაფინანსებაც შემცირდება, რადგან არ ვიცი დათანხმდება თუ არა ეს დონორი ორგანიზაცია უცხო ძალის გამტარი ორგანიზაცია ერქვას“, - ამბობს ესმა გუმბერიძე და საუბრის ბოლოს „ამერიკული საბჭოს“ მაგალითი მოჰყავს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალი ლიდერების გაცვლით პროგრამას აფინანსებს და რომლითაც შშმ პირებიც სარგებლობენ. მისი თქმით, რუსეთში მსგავსი კანონი რომ მიიღეს, 2 წელიწადში „ამერიკული საბჭოს“ პროგრამა დაიხურა და, სავარაუდოდ, საქართველოშიც წაერთმევათ შშმ პირებს ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა.