გლობალური კრიპტობირჟების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟები იმდენად ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის უდიდესი ნაწილი, სწორედ მათზე მოდის. ამ დროისთვის, გლობალური კრიპტობირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.26 ტრილიონს აღემატება.

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი ასეთია:

Binance (CoinMarketCap: 9.9 ქულა)

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგის სათავეში პირველ ადგილს ჩანგპენგ ჟაოს მიერ 2017 წელს დაფუძნებული Binance-ი იკავებს. ამ კრიპტობირჟაზე 420 კრიპტოვალუტა ივაჭრება. Binance-ზე ფაქტობრივად ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტი არის წარმოდგენილი, რომელიც ტრეიდერსა თუ ინვესტორს სჭირდება. ამასთან, Binance-ი ამ ბაზრის ერთ-ერთი უძველესი მოთამაშეცაა, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ბირჟაზე ყოველდღიურად, დაახლოებით $55 მილიარდის სპოტ და დერივატიული ტრანზაქციები სრულდება.

Coinbase (CoinMarketCap: 8.2 ქულა)

რეიტინგში მეორე ადგილს ამერიკული Coinbase-ი იკავებს, რომელიც ერთადერთი კრიპტობირჟაა მსოფლიოში, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ეს გადაწყვეტილება ბრაიან არმსტრონგმა წლების წინ მიიღო, რათა Coinbase-ი ყველაზე გამჭვირვალე კრიპტობირჟა ყოფილიყო, ხოლო მკაცრ ამერიკელ კანონმდებლებსა და მარეგულირებლებს, რაც შეიძლება ნაკლები კითხვა გასჩენოდათ. Coinbase-ზე 249 კრიპტოვალუტა არის დალისტული, ხოლო თავად ბირჟაზე, ყოველდღიურად, დაახლოებით $2.4 მილიარდის სპოტ-ტრანზაქციები ხორციელდება.

OKX (CoinMarketCap: 7.8 ქულა)

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგის მესამე ადგილს ბაჰამისა და სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული OKX-ი იკავებს, რომელიც, ამ დროისთვის, ჰონგ-კონგში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბაჰამის კუნძულებზე ოპერირებს. OKX-ზე 329 კრიპტოვალუტა არის დალისტული, ხოლო 24 საათში კრიპტობირჟაზე დაახლოებით $17 მილიარდის სპოტ- და დერივატიული ტრანზაქციები სრულდება.

ByBit (CoinMarketCap: 7.6 ქულა)

ამ რეიტინგში მეოთხე ადგილს ჩინური Bybit-ი იკავებს, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ბენ ჭოუმ 2018 წელს დააფუძნა. დღეს, Bybit-ს 10 მილიონ ადამიანზე და კომპანიაზე მეტი იყენებს, რომლებიც ბირჟაზე დალისტული 651 ციფრული აქტივით ვაჭრობენ. დღიურად Bybit-ზე დაახლოებით $20 მილიარდის სპოტ- და დერივატიული ტრანზაქციები სრულდება. 

UpBit (CoinMarketCap: 7.4 ქულა)

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების სიის მეხუთე ადგილზე სამხრეთ კორეის უდიდესი კრიპტობირჟა, UpBit-ი მოხვდა, რომელიც კომპიუტერულმა მეცნიერმა, სონგ ჩი-ჰიუნგმა 2017 წელს დააფუძნა. ამ დროისთვის, UpBit-ზე 200 კრიპტოვალუტა და ტოკენი არის დალისტული, ხოლო ტრეიდერებს ვაჭრობა 300-ზე მეტი სხვადასხვა წყვილის მიხედვით შეუძლიათ. დღიურად, UpBit-ზე $990 მილიონის სპოტ-ტრანზაქციები სრულდება.