თუ ადრე ფულის სანაცვლოდ ძროხას, ირემს, ნიჟარებს, კაკაოს, მარგალიტებსა და მონებს იყენებდნენ, მალევე, მრავალი მიზეზის გამო, ისინი მონეტებმა ჩაანაცვლა. თუმცა მონეტებიც მძიმე იყო გადასაადგილებლად, ამიტომ პრობლემა ქაღალდის ფულის გამოშვებით გადაჭრეს.
ეს ამბავი ჩინეთში მოხდა, პასუხები კი ტანის, სუნისა და მინის დინასტიებს შორის უნდა ვეძებოთ, რადგან ისტორიულმა წყაროებმა განსხვავებული ფაქტები შემოგვინახა. ერთი კი აშკარაა, რომ ჩინელებმა დააწერეს ფურცელზე ღირებულება და დაარწმუნეს ყველა მის ჭეშმარიტებაში. ამგვარად, თანამედროვე საბანკო სისტემაც რწმენის ამ მარტივ აქტს ეფუძნება… მანამდე კი სწორედ ჩინელებმა გამოიგონეს ქაღალდზე ბეჭდვა და ის, რასაც დღეს დაპრინტვას ვეძახით. ამიტომ, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზუსტად ამ მოვლენებმა დაუდო საფუძველი ქაღალდის ფულის ბეჭდვის საკითხს.
როგორც ვიგებთ, მეათე საუკუნის დასაწყისში ჩინეთმა მსოფლიოს ქაღალდის ფულის პირველი პროტოტიპი შესთავაზა და მას ბანკნოტებს უწოდებდნენ. თუმცა, სხვა წყაროს მიხედვით, ეს მეათე კი არა, მეცხრე საუკუნეში მოხდა. თუ მანამდე ამ ამბავს მინის დინასტიას მიაწერდნენ, აქ ტანის დინასტიაზე (618-917) საუბრობენ — თურმე ისინი დასაკეც ქაღალდის ფულს 500 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „ქეში“, ანუ ნაღდი ფული, პირველად ტანის დინასტიაში გამოიყენეს ოთხკუთხედი ხვრელის მქონე მრგვალი ბრინჯაოს მონეტების აღსაწერად, რომელსაც kai-yuan ეწოდებოდა:
არსებული წყაროების მიხედვით, ჩინური ფული თუთის ქერქისგან მზადდებოდა. ერთ-ერთი ასეთი კი Jiaozi იყო, რომელიც სონის დინასტიაში გავრცელდა, მას ვაჭრები მონეტების ნაცვლად იყენებდნენ, რადგან მსუბუქი და გადასატანად მარტივი იყო:
ახლა კი მინის დინასტიას დავუბრუნდეთ: პირველი ჩინური დინასტია იყო მათ შორის, რომელიც ცდილობდა, მონეტები ქაღალდის ფულით სრულად ჩაენაცვლებინა… მინის დინასტიის ბანკნოტზე მარჯვნიდან მარცხნივ შემდეგი წარწერა იკითხება: Da Ming tong xing bao chao, შემდგომ კი 1000 ბრინჯაოს მონეტა ათ 100-მონეტიან ჯგუფადაა დაყოფილი. მკაცრი გაფრთხილებაც ახლავს, რომ გამყალბებლები მკაცრად დაისჯებიან. თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, მასზე დრაკონი და სხვა დინასტიისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც იყო დატანილი.
ქაღალდის ფულის ისტორია ჩინეთში თუ მეცხრე საუკუნიდან იწყება, ევროპამდე ამან 17-ე საუკუნემდე ვერ მიაღწია — მხოლოდ 1661 წელს დაბეჭდა სტოკჰოლმის ბანკმა პირველი ოფიციალური ბანკნოტები ევროპაში. ქაღალდის ფულის მთელ მსოფლიოში გავრცელებას კიდევ რამდენიმე საუკუნე კი დასჭირდა, მაგრამ, ჩინეთი იმდენად „ყოჩაღი“ აღმოჩნდა, რომ, ამასობაში, ფინანსურ კრიზისში ჩაფლობაც მოახერხა.
სახელმწიფომ ძალიან ბევრი ქაღალდის ფული გამოუშვა და ინფლაციამ მალევე შეამცირა მისი ღირებულება. როგორც ვიგებთ, 1425 წლისთვის ქაღალდის ფულის ღირებულება თავდაპირველზე 70-ჯერ ნაკლები იყო. სწორედ ამიტომ შეაჩერეს მისი გამოყენება ჩინეთში. ინფლაცია იმდენად დამანგრეველიც აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ბანკნოტებს მრავალი წლის მანძილზე ეჭვის თვალით უყურებდნენ. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ ჩინეთის იმპერატორმა ქაღალდის ფულის გამოშვება 1850-იან წლებამდე ვეღარ გაბედა…
წყარო: marketer.ge