შავი ზღვა სულ უფრო მეტ მიწას გვტაცებს. ზღვის ზემოქმედებით გამოწვეული ეროზია კლდოვან ნაპირებს შლის, პლაჟების ფართობი კი ათეულობით კვადრატული მეტრით შემცირდა. კლიმატის ცვლილების გამო, შავი ზღვის დონე მატულობს და ზღვის შტორმები უფრო გამანადგურებელი ხდება. არსებობს თუ არა სანაპიროს დაცვის გზა - ამ საკითხს ეძღვნება ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის (BNT) რეპორტაჟი სერიიდან „კლიმატი - ცხელი სიმართლე“.

ყოველი შტორმის დროს ზღვა ხმელეთს „ავიწროებს“. როდესაც ტურისტები პლაჟს ზამთრის ქარებს უთმობენ, სანაპირო ფორმას იცვლის. კრაიმორიეს ზოლი ამის ნათელი მაგალითია.

ნიკოლაი დიმიტროვი, საზღვაო პლაჟების კონცესიონერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე: „ბულგარეთი ყოველწლიურად სანაპირო ზოლის 25-დან 48 აკრამდე ფართობს კარგავს, ზღვა ათობით ათას კუბურ მეტრ ქვიშას ეპატრონება. ზამთრის ძლიერი შტორმები იწვევს ქვიშის გადარეცხვას, ქვიშიანი სანაპიროს თიხამდე და ქვებამდე გაშიშვლებას“.

უკვე 3 წელია, გამაფრთხილებელი ნიშნები და ღობეებია დაყენებული სანაპიროს გარკვეულ ტერიტორიაზე, რის გამოც ბურგასის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ველობილიკთან წვდომა შეუძლებელია.

მიროსლავ ჟეკოვი, ბურგასის მუნიციპალიტეტის სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი: „ეს არის ერთადერთი საფეხმავლო გზა, რომელიც ქალაქ ბურგასს სარაფოვოს რაიონთან აკავშირებს. ზღვის აბრაზიის გამო, ის უკვე საერთოდ მიუდგომელია“.

ოკეანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებს ვკითხეთ, რატომ გახდა ეს პროცესები უფრო აგრესიული.

პრესლავ პეევი, ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი: „შავი ზღვის დონე ნელ-ნელა იმატებს. ვფიქრობ, ბოლო წლებში ზრდის საშუალო ტემპი წელიწადში 2-3 მილიმეტრია. ცვლილებებია ტალღების ენერგიაშიც. მათ უფრო დიდი ძალა აქვთ და ხმელეთის სიღრმეში, სადაც პლაჟებია, უფრო შორს აღწევენ“.

- ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (BNT): ბევრია ასეთი ზოლი, რომელიც ქრება? - პრესლავ პეევი, ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი: „პრაქტიკულად, ბევრია, თუმცა ზღვის ეროზიის შედეგად წარმოქმნილი მასალა სხვა ადგილებში ილექება, რაც ახალ პლაჟებს წარმოშობს. ამის მაგალითია ქალაქი ვარნა, რომელსაც 130 წლის წინ პლაჟი საერთოდ არ ჰქონდა“.

პლაჟის მფლობელები, ზღვის შემოტევის შესაჩერებლად, ზამთარში ეგრეთ წოდებულ „ქვიშის დამბებს“ აგებენ, რაც ყოველ წელს დავის საგანი ხდება.

ნიკოლაი დიმიტროვი, საზღვაო პლაჟების კონცესიონერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე: „საქმეზე, რომელიც ბოლო ინსტანციაში მოვიგეთ, მრავალი ექსპერტი და მოწმე გამოიკითხა; ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათი დასკვნით, ეს საქმიანობა სანაპიროების მთლიანობას კი არ არღვევს, არამედ პირიქით - საზღვაო პლაჟების დაცვას ხელსაც კი უწყობს“.

ბოგდან პროდანოვი, ოკეანოლოგიის ინსტიტუტის „სანაპირო ზონის დინამიკის“ განყოფილება, ასოცირებული პროფესორი: „ადამიანი ძალიან უხეშად შეიჭრა ბუნებაში. მუდმივად შენდება ისეთი სასეირნო ბილიკები, რომლებიც, შესაბამისად, ნაპირდამცავ როლს ასრულებენ“. მიროსლავ ჟეკოვი, ბურგასის მუნიციპალიტეტის სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი: „მიმდინარეობს სანაპირო ფერდობის აღდგენა. შენდება 5 მეტრის სიგანის ველო და ქვეითთა ბილიკი, ზღვის მხრიდან კი გამაგრებითი ნაგებობა ეწყობა“.

სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ნაკლებობისა და ადმინისტრაციული დაბრკოლებების გამო, მეწყერის შემაკავებელ სამუშაოებს 5 წელი დასჭირდა. მაგრამ ზღვა გაჩერებას არ აპირებს. ის, უბრალოდ, საკუთარ კანონებს ემორჩილება. ამიტომ, ჩვენზეა დამოკიდებული, დროულად ჩავწვდებით თუ არა ამ პროცესებს და ავუწყობთ მათ ფეხს თუ არა.

წყარო: 1 არხი