უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფისა და სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შესახებ წევრი სახელმწიფოების მხრიდან შეთანხმებას მივესალმები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კვიპროსისკენ კარგი ამბით მივემგზავრებით. მაშინ, როდესაც რუსეთი თავის აგრესიას აძლიერებს, ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვას და რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც გამოეხმაურა.
„დაპირება გავეცით, შევასრულეთ და განვახორციელეთ. ევროკავშირის სტრატეგია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ორ პრინციპს ეფუძნება: უკრაინის გაძლიერებას და რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. დღეს ორივე მიმართულებით ნაბიჯი წინ გადავდგით. უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა მტკიცე, ერთიანი და ურყევია“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.