ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც დღითი დღე იზრდება. ყავის მოხმარება სწრაფი ტემპით იმატებს ჩაის ტრადიციულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი.
მოთხოვნის მატებასთან ერთად იზრდება ყავის პლანტაციების ფართობი. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მარცვლეული კულტურა ტყეების მასიური გაჩეხის ხარჯზე შენდება. ,,ველური ბუნების მსოფლიო ფონდის’’ მონაცემებით, ტყის მასიური განადგურების მიზეზებს შორის, ყავის პლანტაციების გაშენება მე-6 ადგილზეა. ეკოლოგები ამბობენ, რომ მოთხოვნის ზრდის გამო მოსალოდნელია ვითარების გაუარესება.
მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემების წინაშეა. ვითარებას პოპულარული სასმლის მოყვარულთა რაოდენობის ზრდაც ამძიმებს. სწორედ ამიტომ, ყავის მწარმოებლები ახლა ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ცდილობენ ყავის წარმოებაში ინოვაციური მიდგომები გამოიყენონ და ამავე დროს, ყავის გემოვნური მახასიათებლები შეინარჩუნონ.
ყავის კულტურაში რევოლუცია მზადდება. მწარმოებლები ახლა ცდილობენ, მომხმარებლებს საყვარელი სასმელი მარცვლეული კულტურის მოყვანის გარეშე შესთავაზონ. მიმართეს ლაბორატორიებს, სადაც უჯრედების დონეზე ყავის გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტს ქმნიან. ამავე დროს, ეძებენ მსგავს ანალოგებს, რომელთა გამოყენებითაც ყავას მარცვლეული კულტურის გარეშე ჩამოასხამენ.
ყავის ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენს ,,Atomo’’-ს პროდუქტი. უჩვეულო ყავის შეძენა 70-ზე მეტ ამერიკულ ყავის მაღაზიაშია შესაძლებელი. კომპანიამ მომხმარებელთა არეალის გაზრდაზე დაიწყო ფიქრი და პროდუქტი ინტერნეტ სივრცეში განათავსა. მისი შეძენა ივნისიდან უკვე Atomo-ს ვებსაიტიდან არის შესაძლებელი.
,,Atomo” ყავის ტრადიციული გემოს მისაღებად შემდეგ ინგრედიენტებს იყენებს: ფინიკის, პურისა და თხილის თესლები, მზესუმზირას თესლის ექსტრაქტი,ფრუქტოზა, ბარდის ცილა, ფეტვი, ლიმონი, კოფეინი დასაცხობი სოდა. ამ დროისთვის კომპანია წელიწადში დაახლოებით 1,8 ათას ტონას აწარმოებს. სხვა მწარმოებლები ყავის ტრადიციული გემოს შესაქმნელად განსხვავებულ მეთოდებსა და ინგრედიენტებს იყენებენ.
ლაბორატორიაში დამზადებულ ყავას ჯერ ბაზარზე ვერ შეხვდებით, თუმცა გემოს ძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, პროდუქტის ბაზრამდე მისასვლელი გზა საკმაოდ გრძელი ჩანს. პროცესში ჩართულები არიან ქიმიკოსები, რომლებიც ლაბორატორიულ პირობებში ყავის კულტივირებისა და მოყვანის შესაძლებლობას იკვლევენ.
ყავის მიღების ალტერნატიულ გზებს სკეპტიკოსები ჰყავს. მათთვის სასმელს ტრადიციული წესით მიღებული ყავის მსგავსად მაღალი რეპუტაცია არ აქვს. ამბობენ, რომ ინოვატორებმა ბუნებრივი ყავის არომატის შექნმა ჯერ ვერ შეძლეს. გარდა ამისა, მარცვლეულის გარეშე წარმოებული პროდუქტი არ ქმნის ემოციურ კავშირს.
ინოვატპორები კრიტიკოსებს თავის არგუმენტებს უპირისპირებენ. ამბობენ, რომ მათი პროდუქტი ტრადიციულ ყავაზე იაფი იქნება. გარდა ამისა, დეკემბერში ამოქმედდება ევროკავშირის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს პროდუქციის, მათ შორის ყავის გაყიდვას, თუ არ დამტკიცდება, რომ მათი წარმოება ტყეების გაჩეხას არ უკავშირდება.
დააკმაყოფილებს თუ არა ალტერნატიული ყავა მოთხოვნას და ტრადიციული სასმლის გემოვნურ თვისებებს? ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა რევოლუციური მიდგომები ყავის ინდუსტრიისთვის საჭიროა, რადგან სასმელზე მოთხოვნა მზარდია, რაც ეკოლოგიაზე ცუდ გავლენას ახდენს.