ადამიანები, რომლებიც 45 წლის ასაკში იცვლიან პროფესიას, უფრო დიდხანს რჩებიან დასაქმებულები, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ. ვკითხულობთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხანდაზმულმა მუშაკებმა, რომლებმაც პროფესია შეიცვალეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პენსიაზე ადრე გასვლა მოინდომონ. სტატისტიკის მიხედვით, საპენსიო ასაკს მიახლოებული ადამიანი სამსახურის შენარჩუნებას უფრო ხშირად ახერხებს, თუ მან პროფესია 45-54 წლის ასაკში შეიცვალა. მათთვის, ვინც საქმიანობის სფეროს შეცვლას დიდ ასაკში გადაწყვეტს 62%-იანი ალბათობაა იმისა, რომ 60 წლის ასაკში სამუშაოს შეინარჩუნებს. მათთვის კი ვინც პროფესიის ერთგული დარჩება სამსახურის შენარჩუნების ალბათობა 54%-ს შეადგენს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ 2050 წლისთვის ყოველი მეექვსე დასაქმებული 65 წელზე მეტი ასაკის იქნება. შრომის ბაზარს კი მოუწევს დაბერებულ სამუშაო ძალასთან ადაპტირება. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77,1 წლამდე გაიზრდება (2023 წელს მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72,6 წელი იყო). ამავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ყოველი მეოთხე მოსახლის ასაკი 65 წელს მიაღწევს. OECD-ის ქვეყნებში მუშახელის 41% უკვე 45-დან 64 წლამდე ადამიანია. 1990 წლიდან სამუშაო ბაზარზე მათი წილი 12%-ით გაიზარდა.
McKinsey-ის შეფასებით, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში 2030 წლისთვის დაახლოებით 100 მილიონი დასაქმებულ ადამიანს კარიერის შეცვლა დასჭირდება. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ისეთ სექტორებში გაიზრდება, რომელიც კლიენტებთან ურთიერთობას გულისხმობს. დასაქმებულებისთვის ცნობილია ეს ტენდენცია. სწორედ ამიტომ, 45 წელზე უფროსი ასაკის თანამშრომლებს შორის, ყოველ მეორეს პროფესიის შეცვლა სურს. თუმცა, სპეციალობის შეცვლას მრავალი სოციალური ფაქტორი აფერხებს. მათ შორის მთავარია: ასაკობრივი დისკრიმინაცია (43%), ახალი სამუშაოს მდებარეობა (35%), კარიერული შესაძლებლობების ნაკლებობა (22%), პროფესიული გამოცდილების ნაკლებობა (20%) და არასათანადო განათლება (18%).
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ 45 წლის შემდეგ პროფესიებში აქტიური ცვლილებები შეიძლება წახალისდეს ეროვნული მთავრობების მიერ. დამსაქმებლებს ასევე შეუძლიათ თანდათან დაიწყონ ხანდაზმული თანამშრომლების მომზადება კარიერული ცვლილებებისთვის. ამ მიზნით კომპანიებმა დასაქმებულებს არსებული გამოცდილების გაფართოება, კომპანიის შიგნით მობილობა და მენტორული პროგრამები უნდა შესთავაზონ.