რას ნიშნავს მემკვიდრეობითი სამართალი, როგორია მემკვიდრეობითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები საქართველოში და როგორია სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ამ ურთიერთობებს არეგულირებს, ამ და სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა მესხიშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით მემკვიდრეობით სამართალი განიხილება ერთ-ერთ ისეთ ფაქტორად, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ზრდას განაპირობებს, რადგან ის ხელს უწყობს დოვლათის და მატერიალური სიკეთის დაგროვებას.
„ერთ-ერთი მოტივატორი რაც ფიზიკურ პირებს უბიძგებს იმისკენ, რომ დოვლათი დააგროვონ ეს არის მემკვიდრეებზე, შვილებზე და შთამომავლობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობებში და ეს ახალისებს საბაზრო ეკონომიკას. დღეს ბევრ სამართლებრივ დავას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ მემკვიდრეებმა დროულად და სათანადოდ არ იზრუნეს სამკვიდრო-სამართლებრივი უფლებების დაცვისთვის.“ - აღნიშნა მანანა მესხიშვილმა.
მესხიშვილის განმარტებით კანონმდებლობა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ითვალისწინებს, დღეისათვის არსებული ტრადიციის მიხედვით მემკვიდრეები მიჩნევენ, რომ მათი მემკვიდრეობის საკუთრებაში გადაცემისთვის რაიმე ქმედება საჭირო არ არის და ისინი აგრძელებენ ყოფა-ცხოვრებას დამატებითი ქმედების გარეშე.
„ეს ასე არ არის და განაპირობებს სამართლებრივ დავებს. სამკვიდროს მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების მემკვიდრის საკუთრებად გადაქცევა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ქონება გადის მისი საკუთრებიდან და ვის ხელში გადავა ეს მემკვიდრის ქმედებაზეა დამოკიდებული. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში პირს რომელსაც ჰგონია რომ ქონებაზე რაიმე უფლება გააჩნია, უნდა მიმართოს ნოტარიუსს, დატოვოს განცხადება და 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ნოტარიუსი გასცემს სამკვიდროს, რომელიც აძლევს მემკვიდრეს საშუალებას რომ რაც დარჩა მამკვიდრებელს თავის სახელზე გადაიფორმოს, იქნება ეს უძრავი ქონება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ანაბრები მიმდინარე საბანკო ანგარიშები, თუ სხვა.
მეორე წესი, რომელშიც სასამართლო ერთვება არის სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება, აქ იგულისხმება ქმედება რომლითაც მემკვიდრე თვალსაჩინოს ხდის, რომ ქონება მიაჩნია თავისად, მას განაგებს, განკარგავს როგორც საკუთარ ქონებას. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მამკვიდრებლის დანატოვარ ბინაში ცხოვრებაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის და ნაკვეთების მოვლაში, შეიძლება ეს იყო გადასახადების გადახდა, საბანკო ვალდებულების გასტუმრება და ა.შ.ეს ქმედებები აუცილებლად 6 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს, რათა მემკვიდრემ მესამე პირისთვის აშკარა გახადოს რომ მას ქონება თავისად მიაჩნია.“ - აღნიშნა მანანა მესხიშვილმა.
მაშინ როდესაც მემკვიდრეს ჰყავს მოდავე ან სამკვიდრო ფაქტის დადასტურება ვერ ხერხდება ამ შემთხვევაში მიმართავს მემკვიდრე სასამართლოს. მესხიშვილის განმარტებით ამ შემთხვევაში აქტუალურია მოწმეთა ჩვენება, მაგალითად მეზობლები, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ, ხედავენ რომ მემკვიდრემ დაიწყო ცხოვრება სახლს პატრონობს და ა.შ.
„მემკვიდრეთა რიგითობა კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ხუთი რიგია. პირველ რიგში მშობლები არიან, შემდეგ შვილები, მეუღლე და შვილიშვილები. იმ შემთხვევაში თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს შვილები აღარ არიან ცოცხლები მემკვიდრეობა გადადის შემდეგ რიგზე. თუ არ გვყავს პირველი რიგის არც ერთ მემკვიდრე ან არც ერთ მათგან არ მიუღია ქონება და ყველას ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება ამ შემთხვევაში უკვე შემდეგი წრის მემკვიდრეებს მიმოვიხილავთ და ესენი არიან მამკვიდრებლის დები და ძმები.
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ხდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მიერ და სხვა არც ერთ ორგანოს ამის კომპეტენცია არ აქვს. სამკვიდრო ქონების ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მემკვიდრის ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგალითად არჩინოს მამკვიდრებელი. მაგალითად მეუღლე , მშობლები და შვილები რასაც თვისი წინაპირობები აქვს, ამ რჩენის შეუსრულებლობის ვალდებულება შეიძლება გახდეს ჩამოართმევინოს საფუძველი. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება აქვს იმ პირს ვისთვისაც სარჩელის დაკმაყოფილებით შედეგი დგება“, - აღნიშნა მანანა მესხიშვილმა.
რაც შეეხება სამკვიდროზე უარის თქმის საფუძველს, ეს შეიძლება იყოს მემკვიდრის პასიურობა, რაც იმას ნიშნავს რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე ანუ არ მიმართავს ნოტარიუსს და არანაირ ქმედებას არ ახორციელებს. სამკვიდროზე უარის თქმის ვადა სამი თვით განისაზღვრება.