2020 წელს განათლების სისტემაში განხორციელდა რეფორმა, რომლის საშუალებითაც დაინერგა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, რომელიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლების მიღების საშუალებას აძლევს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.

რას გულისხმობს ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, რა ეტაპზე შეუძლიათ მასში ჩართვა მსურველებს და რამდენად უწყობს ხელს ეს პროგრამები დასაქმებას - დეტალურად ამის შესახებ  „კომერსანტის“ ეთერში თაი სიბოშვილის გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორში“ ისაუბრეს.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების მიმართულების მენეჯერის მარი რუაძის თქმით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლების პროგრამაში ინტეგრირებულია სკოლის 10-11-12 კლასების სასწავლო პროგრამები და მისი დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც იურიდიულად გათანაბრებულია ზოგადი განათლების ატესტატთან.

როგორც მარი რუაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნა ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რათა 9 კლასდამთავრებულებისთვის შეეთავაზებინათ მრავალფეროვანი არჩევანი, თუ რა ტიპის განათლების მიღება სურთ. პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების მიმართულების მენეჯერის თქმით, თავდაპირველად პროგრამა საპილოტე რეჟიმში რამდენიმე სასწავლებელში განხორციელდა სრულმასშტაბიან რეჟიმში კი 2020 წლიდან ამოქმედდა. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ დაეუფლონ არაერთ პროფესიას, მათ შორის როგორიცაა ვებ ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელების მიმართულება, ლოგისტიკა და ა.შ.

ინტეგრირებულ პროგრამებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 27 კოლეჯი ახორციელებს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ეს შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდისთვის იყოს შეთავაზებული, ყველა გეოგრაფიული ადგილმდებარეობაში,“ - განაცხადა მარი რუაძემ.

პორფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, იმისთვის რომ პირი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის სტუდენტი გახდეს აუცილებელია მინიმუმ საბაზო - 9 კლასის განათლება. პროგრამებზე მიღება ზაფხულის პერიოდში ცხადდება. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, მარი რუაძის თქმით, ამაში მოსწავლეებს თავად კოლეჯები დაეხმარებიან, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მართავენ ღია კარის დღეებს და სთავაზობენ პროფორიენტაციის სერვისებს.

„მიღება ცხადდება საიტზე vet.emis.ge, სადაც შეუძიათ ნახონ ჩამონათვალი სასწავლებლების და ყველა ის დეტალი, რომელიც დასჭირდებათ,“- განაცხადა მარი რუაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლება დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროგრამებზე ისაუბრა კოლეჯის დირექტორმა  ნოდარ ხარაზიშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სასწავლებელში 4 ინტეგრირებული პროგრამა ხორციელდება. ესენია გრაფიკული დიზაინი, ვებტექნოლოგიები, აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები.

ნოდარ ხიზანიშვილის თქმით, პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.

„წელს დიდი რაოდენობა იყო, მხოლოდ გრაფიკულ დიზაინზე 300 ადამიანი იყო დარეგისტრირებული და ვფიქრობთ, რომ კვოტები გავზარდოთ,“- აღნიშნა ხიზანიშვილმა. მისი თქმით, კოლეჯის ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულების ნაწილი წარმატებულად აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში, ნაწილი კი წარმატებულად დასაქმდა.

გადაცემის სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ არის გაწერილი ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის გრაფიკი და რით განსხვავდება ის სკოლისგან. ნოდარ ხარაზიშვილის თქმით, ინტეგრირებული სასწავლო პროგამა უნდა იყოს არანაკლებ 3 წელი, კვირეული პროგრამა ისევე არის, დატვირთული როგორც სკოლაში, თუმცა სასკოლო პროგრამა ინტეგრირებულია პროფესიული პროგრამაში, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია პრაქტიკასაც.

გადაცემაში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებზეც ისაუბრეს, ერთ-ერთი მათგანი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს პროგრამის კურსდამთავრებული ანნა ყველაშვილი კი გადაცემის სტუმარიც იყო.

ნოდარ ხარაზიშვილის თქმით, ანნა ყველაშვილის ჯგუფი 3 წლის განმავლობაში აკვირდებოდა გლდანის ტბის შრომის პროცესს.

„აკეთებდნენ ტოპო რუკებს, აზომვით წერტილებს იღებდნენ და ამუშავებდნენ და არაჩვეულებრივი პრეზენტაცია წარმოადგინეს,“- განაცხადა მან.   ნოდარ ხარაზიშვილის თქმით, იმ დროს როდესაც ქვეყანაში მიწის ფონდის მოწესრიგება და რეგისტრაციის მასშტაბური პროცესია დაწყებული აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შემსრულებლები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.

როგორც ნოდარ ხარაზიშვილმა აღნიშნა აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ბიზნესთან. კომპანიები ჩართული არიან როგორც პროგრამების დაგეგმვაში, ასევე მის განხორციელებისას. კოლეჯების და ბიზნესის თანამშრომლობა შეაფასა პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების მიმართულების მენეჯერმა მარი რუაძემაც, მისი თქმით, დიდი შრომაა გაწეული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს პროფესიულ განათლება ინდუსტრიასთან და გათვალისწინებული იყოს ბაზრის მოთხოვნები.

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულის ანნა ყველაშვილის თქმით, მან კოლეჯის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტიდან გაიგო, ასევე პროფორიენტაციაში დაეხმარა მისი სკოლის დირექტორიც. როგორც ანნა ყველაშვილმა განაცხადა, მან დასაქმება მეორე კურსის შემდეგ შეძლო, ერთ-ერთ წარმატებულ ამზომველ კომპანიაში. ის როგორც წარმატებული სტუდენტი, წელს ჩართული იყო მიმღები კომისიის მუშაობაშიც. ანნა ყველაშვილმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის 3 წლიანი კურსის დასრულების შემდეგ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა,