რაჭაში მოვარდნილმა ღვარცოფმა განაახლა დისკუსია სამაშველო ვერტმფრენების შესახებ. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის. ამ თემაზე ვრცელ სტატიას "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

სტიქიის პირველ დღეს, დაგვიანებით მისულმა ვერტმფრენმა ორი რეისის და 70 კაცის ევაკუაციის შემდეგ, დაღამებისთანავე შეწყვიტა მუშაობა მეორე დილამდე. ღამით ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები ღია ცის ქვეშ დახმარების გარეშე დარჩნენ. ოფიციალური განმარტებით, ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ღამის ხედვის სისტემის არქონის გამო ვერ შეძლო.

დისკუსია იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ტექნიკური საშუალებები სტიქიისა და უბედური შემთხვევების დროს მყისიერი რეაგირებისთვის, წინა წლებშიც ისმოდა.

ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან 28 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამ დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა. ვერტმფრენები ვერ გამოიყენა სახელმწიფომ ვერც 2015 წელს, თბილისში, ვერეს ხეობაში წყალდიდობისას. 2017 წელს კი, ბორჯომის ხეობაში ხანძრების ჩასაქრობად მეზობელი ქვეყნების დახმარება დაჭირდა.

2023 წლის 4 აგვისტოს რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვამ გააღიზიანა.

“ასეთი რთული მდგომარეობა გვაქვს და თქვენ ათმაგად ზაფრავთ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ - თურმე, სამი ვერტმფრენი შეიძინეს [იგულისხმება მთავრობა - რ.თ], მაგრამ არ შეიძინეს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. იქვე მან თქვა, რომ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობდა და შოვში სამაშველო ოპერაცია კარგად მიდიოდა.

იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა დადასტურებული იყო 7 ადამიანის გარდაცვალება და დაკარგულად ითვლებოდა 30-ზე მეტი ადამიანი. სულ მალე დაღუპულების რიცხვი 11-მდე გაიზარდა.