ივნისიდან საქართველოში ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება. პირველ ეტაპზე გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყებენ.

რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, ვინ უნდა განახორციელოს კონტროლი - ამ და სხვა თემებზე „კომერსანტის“ ეთერში  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა გამოიწვია საზოგადოების მოთხოვნამ, რომ მომხდარიყო საფრთხის შემცირება, რომელსაც გამონაბოლქვი უქმნის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე გარემოსაც.

ტარიელ ირემაძე გამოწვევად მიიჩნევს იმ ხრიკსაც, რომელსაც ტექინსპექტირების გავლისას მძღოლები მიმართავენ, რაც გულისხმობს შემოწმების გასავლელად ავტონაწილების დროებით თხოვებას, რის შემდეგაც ქუჩაში კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი ხვდება, რომელსაც სხვა ხარვეზებთან ერთად გამონაბოლქვის პრობლემაც აქვს.

ირემაძის განცხადებით, თავდაპირველად კონტროლი საპილოტე რეჟიმში დაიწყება და არ მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. კონტროლს განახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ეკომეგობრული მანქანებით და სპეციალური აპარატურით. ისინი ადგილზე გაზომავენ კონკრეტულ ავტომანქანის გამონაბოლქვში მავნე აირების არსებობა/არარსებობას და ადგილზევე მოხდება დარღვევის შემთხვევაში ოქმის გამოწერა. იმ რეგულაციის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ფიზიკური პირი პირველ ეტაპზე 100 ლარით დაჯარიმდება და მიეცემა 10-დღიანი გამოსასწორებელი ვადა, 30 კალენდარული დღის პერიოდში გამეორების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია სამმაგდება და 300 ლარია. იურიდიული პირების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია პირველ ეტაპზე 500 ლარი იქნება, გამეორების შემთხვევაში კი 1500.

ირემაძის თქმით, მაკონტროლებელი ჯგუფების დასაკომპლექტებლად მიმდინარეობს დამატებითი კადრების მოძიება, რომლებიც შემდგომ სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან.

უწყების წარმომადგენლის განცხადებით, როგორც კვლევები აჩვენებს, გამონაბოლქვის მხრივ ჰაერის დაბინძურების მიმართულებით უფრო რთული სიტუაცია დედაქალაქშია.

ტარიელ ირემაძის განცხადებით, საპილოტე რეჟიმში განხორციელებული პროექტის შეჯამება წლის ბოლოს მოხდება და დაიგეგმება როგორც ადამიანური რესურსის, ასევე გეოგრაფიული არეალის გაზრდაც.

მისი თქმით, მესაკუთრეს, რომლის ავტომობილსაც დარღვევა დაუდგინდება და ის ამას არ ეთანხმება, უფლება აქვს გადასაკონტროლებლად ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა მოითხოვოს:

„თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მისი მესაკუთრე ამას არ დაეთანხმება, მას უფლება ექნება, მოითხოვოს ავტომობილის გადაყვანა უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში. თუ ტექინსპექტირების ცენტრში შემოწმების შემდეგ სხვა შედეგი იქნება, მაშინ ჯარიმის ანულირება მოხდება,“- განაცხადა ირემაძემ.

როგორც ირემაძემ აღნიშნა,  გარემოსდაცვითი დარღვევის, მათ შორის მავნე გამონაბოლქვის შესახებ შესაბამისი უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ცხელ ხაზზე - 153, ასევე შესაძლებელია უწყებაში შესაბამისი ფოტომასალის გადაგზავნაც.

შეგახდენებთ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდა და გახდა 0.55% უქმ სვლაზე.