ამ სტატიაში ვითვლით პოლიციელებისთვის ნაყიდი საკვების რაოდენობას და ვცდილობთ შევიქმნათ წარმოდგენა, რამდენი სამართალდამცავი გამოიყვანეს ქუჩაში 2024 წლის აპრილ-მაისის მასობრივი საპროტესტო მოძრაობის პირისპირ.

თბილისში, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე მობილიზებული სამართალდამცველების ლანჩისთვის მხოლოდ 15 დღეში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ დღეს სამინისტრომ 200-დან 9 ათასამდე პოლიციელი გამოკვება.

ეს დადასტურებული, თუმცა არასრული მონაცემებია. შს სამინისტროს ხარჯები „უცხოეთის აგენტების კანონის" საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას არ არის სრულად გამჭვირვალე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას დროულად და სრულად არ აქვეყნებს, რაც ვალდებულებისა და კანონმდებლობის დარღვევაა.

შსს ამ დრომდე არ პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვებსაც აქციების დაშლაში მონაწილე საპოლიციო ძალების რაოდენობის, მათი სამუშაო გრაფიკისა და მათზე დახარჯული დამატებითი თანხის შესახებ.

ინფორმაცია სამინისტროსგან გამოთხოვილია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, დღეების მიხედვით.

ამ დოკუმენტების მიღებამდე გიყვებით იმას, რაც ვიცით:

პოლიციის და სპეცრაზმის კვება - რას აჭმევენ, როგორ აჭმევენ და რამდენს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუჩის აქციებისთვის თადარიგი წინასწარ დაიჭირა და პოლიციელთა საკვების შესასყიდად ტენდერი, "აგენტების კანონის" ხელახლა ინიცირებამდე 10 დღით ადრე გამოაცხადა.

გამარჯვებულ კომპანიასთან შსს კონტრაქტს ზუსტად იმ დღეს აფორმებს, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტი კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს უჭერს და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის.

საბოლოო ჯამში, Სამინისტრომ, აქციაზე მყოფი 1 პოლიციელისთვის განკუთვნილ “ლანჩის ნაკრებში” 9 ლარამდე (8.35 დან 8.85 თეთრი) გადაიხადა.

ლანჩის ნაკრები ასეთია

  • 1 ცალი სენდვიჩი: პური, ლორი და ყველი
  • 1 ცალი შოკოლადი, 55 გრამი
  • 1 ბოთლი, 0.5-ლიტრიანი გაზიანი სასმელი

ლანჩის ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს “ევროპული საცხობია” - 2023 წელს დაფუძნებული კომპანია, რომლის 65%-ს კვების სფეროში ცნობილი ბრენდი “დეგუსტო” ფლობს, 35%-ს - უკრაინელი ბიზნესმენი.

150-ათასლარიანი კონტრაქტი სამინისტროს და "ევროპულ საცხობს" შორის 15 აპრილს გაფორმდა, პირველი პარტია, 6000 ლანჩის ნაკრები, სამინისტრომ 17 აპრილს წაიღო, თუმცა აქ არის ერთი საინტერესო დეტალი.

ხელშეკრულების მიხედვით, "ევროპულ საცხობს" პოლიციელების მენიუში - კოკა-კოლა უნდა შეეტანა, თუმცა რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ 17 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით შს სამინისტრო პეპსის ყიდულობს.

მაკა ქიქოძე, „ევროპული საცხობის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებას უებნება, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 15 აპრილს შსს-დან ოფიციალური ი-მეილი მიიღო, სადაც სამინისტრო სთხოვდა კოკა-კოლა პეპსით ჩაენაცვლებინა. მისთვის ეს ი-მეილი საკმარისი აღმოჩნდა და სასმელი საკვების პირველსავე პარტიაში შეცვალა.

კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა მხოლოდ შემდეგ პარტიებს მიუსწრებს. ხელშეკრულებაში ცვლილება 19 აპრილს შედის და კოკა-კოლა პეპსით ოფიციალურად იცვლება.

რადიო თავისუფლების შეგროვებულ ყველა დოკუმენტში, ტენდერით თუ ტენდერის გარეშე, შს სამინისტროს აქციებზე მომუშავე სამართალდამცველებისთვის ყველა ჯერზე პეპსი აქვს შეძენილი, ჯამში დაახლოებით 85 ათასი ბოთლი.

სრულად: radiotavisupleba.ge