2025 წლის იანვარი რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ციმბირისა და რუსეთის დასავლეთ ნაწილისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის.
- მიუხედავად იმისა, რომ წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა "ლა-ნინია" – ბუნებრივი ფენომენი, რომელიც, წესით, ტემპერატურას ამცირებს – მიმდინარე წლის იანვარმა კიდევ ერთი საგანგაშო ნიშნული გადალახა.
ევროკავშირის კლიმატური ცენტრის (C3S) მონაცემებით, საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ევროპის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, კანადაში, ალასკაზე, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და ანტარქტიდაზე.
კლიმატოლოგები იმედოვნებდნენ, რომ „ლა-ნინია“ გარკვეული დროით შეანელებდა დათბობის პროცესს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანს და 2025 წლის აპრილისთვის გაქრება.
გლობალური დათბობა ჩქარდება
იანვარში დედამიწის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებულ დონეს 1.75°C-ით აღემატებოდა. ეს უკვე ზედიზედ მე-18 თვეა, როდესაც მსოფლიო ტემპერატურამ 1.5°C-ს გადააჭარბა – ზღვარს, რომლის დაცვასაც ყველა ქვეყანა "პარიზის შეთანხმებით" ცდილობს.
თუმცა, მიუხედავად ზოგადი დათბობისა, ამ პერიოდში ყველა რეგიონში არ იყო მაღალი ტემპერატურა. მაგალითად, აშშ-ში იანვრის სიცივე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ღია სივრციდან შენობაში გადაიტანეს. ასევე, მკაცრი ყინვები დაფიქსირდა ჩუკოტკაზე და კამჩატკაზე, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კონტინენტურ ნაწილში ტემპერატურა საშუალოზე დაბალი იყო.
ევროპა სიცივეს ებრძვის – გაზის მოხმარება იზრდება
ევროპაში განსაკუთრებით ცივი იანვარი იყო. ბრიტანეთში და საფრანგეთში მოსახლეობა დროს გათბობის ბატარეებთან ატარებდა, რამაც გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზარდა.
1-ელ თებერვალს ევროპული გაზსაცავები მხოლოდ 53%-ით იყო შევსებული და თითქმის მიაღწია ევროკომისიის მიერ დადგენილ კრიტიკულ 50%-იან ზღვარს.
ევროკავშირის რეკომენდაციით, 1-ელ მაისისთვის მარაგი 30%-ზე არ უნდა ჩამოსულიყო, რათა მომდევნო ზამთრისთვის შესაძლებელი ყოფილიყო გაზსაცავების 90%-ით შევსება. თუმცა, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ბრიუსელი ახლა გაზის მარაგების მართვის ახალი სტრატეგიის განხილვას იწყებს.
ევროპა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ბუნებრივ გაზზე, რომლის ფასიც ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება. ადრე ზაფხულში გაზი იაფი იყო და ქვეყნები მარაგს წინასწარ ავსებდნენ, ხოლო ზამთარში, როდესაც ფასები იზრდებოდა, მის გამოყენებას იწყებდნენ. ახლა, მომავალი ზაფხულისთვის თხევადი გაზის მიწოდების კონტრაქტები უფრო ძვირია, ვიდრე მომავალ ზამთარში, ამიტომ საცავის ტევადობით შევსება აღარ გამოიყურება ისე მიმზიდველად.
წყნარ ოკეანის ეკვატორულ ნაწილში კლიმატის ფენომენ ლა-ნინიას (La Niña) განვითარება დაიწყო, რომელიც კლიმატური ციკლის ბუნებრივი მოვლენაა და მთელს პლანეტაზე ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს - ამის შესახებ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში წერია, რასაც EuroNews ავრცელებს.
კლიმატოლოგების ცნობით, წლევანდელი ლა-ნინია სიურპრიზებით დაიწყო, კერძოდ, ამინდის ეს მოვლენა ჩვეულებრივზე მოკლე და სუსტი იქნება.
ლა-ნინია რეგულარულად წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩნდება, როცა სტაბილური აღმოსავლეთის ქარი თბილ წყალს პერუსა და ჩილეს სანაპიროებიდან ინდონეზიისა და ავსტრალიისკენ მიმართავს. შედეგად, ცივი წყალი ზღვის სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის და რეგიონში სიცივე დგება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ლა-ნინიას გამო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდეს. ლა-ნინია, ასევე, ატლანტის ოკეანეში ქარიშხლის აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ლა-ნინია მოსალოდნელზე გვიან დადგა და ზამთრის დადგომამდე გაძლიერება ვერ მოასწრო. მეცნიერები თვლიან, რომ ლა-ნინია აპრილამდე გაგრძელდება და თუ მარტამდე დასრულდა, მას დაკვირვების ოფიციალურ ისტორიაში არ შეიტანენ.
NOAA-ს მეცნიერების მონაცემებით, 2020-დან 2023 წლამდე დედამიწამ ზედიზედ ლა-ნინიას სამი მოვლენა განიცადა. კერძოდ, ზედიზედ სამი ზამთარი ლა ნინიას პირობებით უჩვეულოა, რაც მანამდე მხოლოდ 1973-76 წლებში დაფიქსირდა.
გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებას იძლევა, რომ ლა-ნინიას მოვლენების სიხშირემ შესაძლოა, დამატებით სტრესში ჩააგდოს რეგიონები, რომლებიც ბოლო დროს გვალვას ებრძოდნენ და როგორიც, მაგალითად, აღმოსავლეთ აფრიკაა.
წყარო: bpn.ge