ჩიკაგოს ენერგოპოლიტიკის ინსტიტუტის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება რეგიონში მთლიან სასიცოცხლო წლებს ანახევრებს.

  • ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას;

  • მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ სამხრეთი აზიის რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა 50%-ით აღემატება საუკუნის დასაწყისში არსებულ მონაცემებს;

  • მოსახლეობის სასიცოცხლო წლების შემცირების პრევენციისთვის აუცილებელია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება მყარი ნაწილაკების ზღვრულ რაოდენობასთან დაკავშირებით;

ჰაერის დაბინძურების საფრთხის ამსახველი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ რეგიონში, კერძოდ, სამხრეთ აზიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა თითო ადამიანზე შესაძლოა ხუთი წელიწადით ან მეტითაც შემცირდეს.

სამხრეთი აზიის რეგიონშია ყველაზე მეტად დაბინძურებული ქვეყნები: ბანგლადეში, ინდოეთი, ნეპალი და პაკისტანი. „აღნიშნულ რეგიონში ჰაერის დაბინძურება მოსახლეობის მთლიან სასიცოცხლო წლებს ანახევრებს“ — აცხადებს ჩიკაგოს ენერგოპოლიტიკის ინსტიტუტი.

სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ და მოსახლეობის ზრდამ სამხრეთ აზიაში ჰაერის ხარისხის გაუარესება გამოიწვია. ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა 50%-ით აღემატება საუკუნის დასაწყისში არსებულ ჰაერის მდგომარეობას. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის ახალ, მასშტაბურ პრობლემებს ქმნის.

კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბინძურებულ ქვეყანაში, ბანგლადეშში, თითო ადამიანი საშუალოდ 6.8 წელს კარგავს, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 3.6 თვეს უტოლდება. კვლევის ჩატარებისას გამოყენებულია სატელიტური მონაცემები, რომლითაც გამოითვლება ჰაერში არსებული წვრილი, მყარი ნაწილაკების გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 2013 წლიდან მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების 59% ინდოეთზე მოდის, სადაც მეტად დაბინძურებულ რეგიონებში სიცოცხლის ხანგრძლივობა სწრაფად მცირდება.

მჭიდროდ დასახლებულ ნიუ-დელიში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მეგაქალაქია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წელზე მეტით შემცირდა.

სასუნთქი გზების დაზიანების გამომწვევი PM 2.5 მყარი ნაწილაკების იმ დონეზე დაყვანა, რაც რეკომენდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას 2.3 წლით გაზრდიდა, რაც ჯამურად 17.8 მილიარდ სასიცოცხლო წელს უდრის.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, რაც კუბურ მეტრზე PM 2.5 მყარი ნაწილაკების შემცველობის 5 მიკროგრამამდე დაყვანას გულისხმობს, პაკისტანის მოსახლეს საშუალოდ 3.9 სასიცოცხლო წელი მოემატებოდა, ნეპალის მოსახლეს კი — 4.6.

ჩინეთი 2013 წლიდან 2021 წლამდე ჰაერის დაბინძურების 42.3%-ით შემცირებაზე მუშაობდა. ანგარიში ამით ხაზს უსვამს, რომ მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ ხელმისაწვდომი ჰაერის ხარისხის მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს იმ გლობალური უთანასწორობის აღმოფხვრას, რომელიც ქვეყნებს შორისაა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლისას.

*ეს პუბლიკაცია ან ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

წყარო: Aljazeera.com

greenpole.org