ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში გაფიცვის გამო, მეორე დღეა, ყველა რეისი გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შარლერუას აეროპორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ დღეს, სულ მცირე, 87 რეისი გაუქმდა.

აქციის მონაწილეები აეროპორტის ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც „როიტერი“ წერს, პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეგახსენებთ, ბრიუსელ-შარლერუა მეორე უმსხვილესი აეროპორტია ბრიუსელ-ზავენტემის შემდეგ. ის წელიწადში დაახლოებით რვა მილიონ მგზავრს ემსახურება. ამ აეროპორტიდან რეისები 190-ზე მეტი მიმართულებით სრულდება, მათ შორის, ქუთაისშიც.

Wizzair-ში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ კომპანია მსგავსი შემთხვევების დროს ყოველთვის ცდილობს ალტერნატიული გზების მოძიებას, რათა რეისი შესრულდეს.