ბახმაროში სასტუმრო „პანორამა ბახმაროს“ დამფუძნებელი, გიორგი კეჭაყმაძე BM.GE-სთან ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჯამებს და აღნიშნავს, რომ აგვისტო კურორტისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა. მისი თქმით, წელს, ქართველ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტების აქტივობაც შეინიშნებოდა.

"საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ბახმაროში იყო მაღალი აქტივობა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლების. ზაფხულში, როგორც წესი, ადგილობრივი ტურისტი ჭარბობს, თუმცა წელს უცხოელთა რაოდენობაც გაზრდილი იყო.

ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, თუმცა წელს იყვნენ გალფის ქვეყნებიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან... გამოირჩეოდნენ ებრაელი დამსვენებლები ისრაელიდან და, რა თქმა უნდა, ევროპელები, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ა.შ. აგვისტოში ბახმაროში ადგილიც აღარ იყო, რაც ძალიან მახარებს", - ამბობს გიორგი კეჭაყმაძე.

ტურისტულ აქტივობებზე საუბრისას, "პანორამა ბახმაროს" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ტურისტები კურორტზე 2-5 დღით ჩამოდიან და, ძირითადად, სათავგადასავლო აქტივობით ინტერესდებიან.

"უცხოელი დამსვენებლები, ძირითადად 2-3-4-5 დღით ჩამოდიან და მათთვის ყველაზე მიმზიდველი ლაშქრობაა. ძალიან კარგი მარშრუტები გვაქვს სალაშქროდ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განვითარებული და მოწესრიგებულია ბილიკები, მაგრამ, მოგეხსენებათ, ტექნოლოგია ვითარდება, გვაქვს ელექტრონული რუკები, რომელზეც გზები დამარკირებულია და რისი მეშვეობითაც ბახმაროს მთებში ლაშქრობენ ტურისტები, ძალიან მოსწონთ. ბევრი ტურისტი ჩამოდის რომ მზის ჩასვლა/ამოსვლა ნახონ მაღლიდან, ეს ძალიან პოპულარულია. ასევე ბევრი ლამაზი მარშრუტია აჭარისკენ, გომის მთისკენ, ბორჯომის ხეობისკენ, მათთვის, ვისაც ლაშქრობა უყვართ, ძალიან საინტერესოა და ამისთვის ჩამოდიან.

ბახმაროში ჩამოსულ დამსვენებელს ძალიან მოსწონს ცხენების ტურიც, დიდი აქტივობა შეინიშნებოდა ამ კუთხით, არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მთებში ტურების მიმართულებით და, ვფიქრობ, ეს ტრადიცია კიდევ უფრო ვითარდება.

ამავე დროს, ბევრი აქტივობა აკლია ბახმაროს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი მიიზიდოს კურორტზე. შესაძლოა იყოს ველოტურები, ბაიკტურები, რაც არ არის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებითაც განვითარდებით და დავაინტერესებთ სტუმრებს", - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.

გიორგი კეჭაყმაძეს კურორტის ინფრასტრუქტურაზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ბახმარომდე მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაციამ კურორტზე ტურისტული აქტივობა კიდევ უფრო გაზარდა.

"წელს დასრულებული გზით შეხვდა ბახმარო სეზონს, ცენტრალური გზა ძალიან კარგმა კომპანიამ შეასრულა და მინდა მადლობა ვუთხრა "ნიუ როუდს". ამ გზამ ძალიან დიდი გავლენა იქონია სტუმრების აქტივობაზე. შიდა გზები ჯერ კიდევ რჩება მოუწესრიგებელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ესეც გაკეთდება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უფრო მეტ დამსვენებელს მისცემს ჩამოსვლის საშუალებას", - ამბობს კეჭაყმაძე.

რაც შეეხება ბახმაროში დასვენების ფასებს, "პანორამაში" აქტიურ სეზონზე 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება ღამეში 250 ლარია, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი 180 ლარამდე მცირდება.

"პანორამა ბახმარო" კურორტზე 2021 წლის ბოლოს გაიხსნა. 9-ნომრიანი, 26 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობისთვის ₾400 000-ზე მეტი ინვესტიცია შეგროვდა, როგორც დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით, ასევე საბანკო სესხით.

bm.ge