გვანცა ამურველაშვილი 2 შვილის დედაა. ამბობს, რომ დაახლოებით 4 წელია, რაც შვილებს მამის გარეშე ზრდის, თუმცა ბავშვები მამის გვარზე არიან და საქართველოს კანონმდებლობით, ამის გამო მას  მარტოხელა მშობლის სტატუსი არ აქვს. გვანცას თქმით, მის გარშემო ბევრია ისეთი ქალი, რომელიც მისნაირად მეორე მშობლის გარეშე ზრდის ბავშვებს, თუმცა მათაც არა აქვთ სტატუსი.

„უნდა იყოს ადამიანური სოციალური დახმარება ქალებისთვის, უნდა არსებობდეს ბევრი სერვისი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი მოვახერხოთ თავის გადარჩენა, ბავშვების გაზრდასთან ერთად ჩვენც ხომ უნდა გადავრჩეთ უნდა იყოს ნორმალური სოციალური დახმარება, დაბალი ფასები პროდუქტებზე, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ნორმალურად არსებობა ამ ქვეყანაში“,  ამბობს მშობელი გვანცა ამურველაშვილი.

ამ პრობლემაზე მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მაგრამ სოციალურად დაუცველი ირინა ბუიშვილიც საუბრობს. მას უკვე 10 წელია, რაც სტატუსი აქვს და ფიქრობდა, რომ თუკი სახელმწიფო მას ოფიციალურად აღიარებდა მარტოხელა დედად, ეს მის ყოფას კიდევ უფრო მეტად შეამსუბუქებდა. იმედი ჰქონდა, რომ როგორც მარტოხელა დედას, მას დამატებით დახმარებასაც აღმოუჩენდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„დღემდე ძალიან წვალება-ტანჯვით მოვედი, სულ მარტო 2 შვილით/ მითუმეტეს დღევანდელ პერიოდში ძალიან რთულია ყველაფერი. ვცხოვრობ ქირით. 400 ლარი მაქვს ყოველთვიურად გადასახდელი, რთულია ძალიან ბევრი სჭირდება ბავშვებს. მარტო ქირისთვის და მარტო ჭამისთვის ვერ იქნებით ზოგჯერ ეგეც ჭირს, მაგრამ როგორც ასეთი განათლებაც აუცილებელია. ახლა მაგალითად, ჩემი შვილიც მინდა მივიყვანო სპორტზე, მაგრამ ვერ მიმყავს იმიტომ, რომ ყველგან გადასახდელია“,- ამბობს მშობელი ირინა ბუიშვილი.

მაინც რას აძლევს მარტოხელა დედას აღიარება და სტატუსი?

საქართველოში 10 წელია, რაც არსებობს კანონში მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ჩანაწერი. თუმცა ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანას მათ დასახმარებლად ერთიანი პროგრამა არ გააჩნია.

ერთადერთი კანონი, სადაც შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ ჩანაწერი მარტოხელა სტატუსის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით ეს არის საგადასახადო კოდექსი. სადაც წერია. რომ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრება მარტოხელა მშობელს. თუმცა ეს 3000 ლარი დაახლოებით რომ დავთვალოთ არის 250 ლარამდე შემოსავალი, რაც დღეს არსებულ საშუალო შემოსავალთან შედარებით ძალიან დაბალი არის და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ინიციატივა, რაც პარლამენტში განიხილებოდა და მუშავდებოდა საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იყო საგადასახადო კოდექსშიც, რომ გაზრდილიყო ეს ციფრი ეს რიცხვი 3.000 ლარი უფრო მაღალე შემოსავლის ოდენობამდე”, – ამბობს მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი სალომე მეზურნიშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ რაც გარკვეული ადვოკატირების საფუძველზე შეძლეს, ეს არის დახმარება მარტოხელა მშობლებისთვის რეგიონებში.

მუნიციპალიტეტების ყოველწლიურ ბიუჯეტებში, ასევე სოციალურ პროგრამებში უკვე არის  გაწერილი დახმარებები მარტოხელა მშობლებისთვის:

„ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ყოველთვიური ფულადი დახმარება ან სუბსიდიები კომუნალურებზე ან დღესასწაულებზე, საკვების ვაუჩერები და ა.შ.  თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დახმარებები რომელსაც მუნიციპალიტეტებში შეიძლება ასე ვთქვათ შევხვდეთ მათ ბიუჯეტებს და სოციალურ პროგრამებში რეალურად,  ნებაყოფლობითობის ამბავი არის და არა  ვალდებულება”, – გვეუბნება მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი, სალომე მეზურნიშვილი.

სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ სხვა ვითარებაა თბილისში, სადაც ყველაზე მეტი მარტოხელაა.  მათთვის დედაქალაქში არანაირი დახმარება არ არის გათვალისწინებული.

„გარდა ბაღებში ურიგოდ რეგისტრაციისა, რომელიც სამართლებრივ დახმარებას წარმოადგენს და ესეც  ერთგვარი შეღავათია იმიტომ, რომ მუდმივად პრობლემაა ხოლმე საჯარო ბაღებში ბავშვების  დროული რეგისტრაცია. ეს რეალურად უქმნის მარტოხელა მშობელს დამატებით გარანტიას სამართლებრივ დონეზე, რომ შეძლოს ბავშვის დარეგისტრირება ბაღში და ამით უკვე თავისი თავი უზრუნველყოს იმითი, რომ დასაქმდეს თუნდაც ნახევარ განაკვეთზე და ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი თავი და ბავშვი უზრუნველყოს ფინანსურად“, – მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი, სალომე მეზურნიშვილი.

„მარტოხელა დედები, ძირითადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ შრომითი უფლებების  დარღვევას შემთხვევაში და სერვისების მიღებისათვის”. – ამბობს, საფარის სოციალური მუშაკი, ქეთი ბერიძე.

„როდესაც ხარ მარტოხელა დედა არ გყავს დამხმარე ანუ არ არის მეორე მშობელი. ვერ ინაწილებ მასთან ამ ვალდებულებებს და მარტო გიწევს ბავშვის რჩენა და მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელიც არსებითად არ არის ჩართული ვერ არის ჩართული თუნდაც  სოციალური გარანტიების თვალსაზრისით, რომ ქალს ჰქონდეს იმის ფუფუნება, მშვიდად გაზარდოს საკუთარი შვილი და არ იფიქროს იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე რის წინაშეც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვხვდებიან მარტოხელა დედები მე ახლა მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელზეც საფარი მუშაობდა ეს იყო ერთ კერძო სექტორში დასაქმებული ქალი მენეჯერულ პოზიციაზე, რომელმაც 3 თვე დეკრეტი აიღო და სამსახურში დაბრუნების შემდგომ აღმოაჩინა, რომ შეცვლილი შრომითი ხელშეკრულებით სარგებლობდა, დაბალი შემოსავალი შესთავაზა დამსაქმებელმა ამ შემთხვევაში ქალთან ერთად იყო მოწყვლადი ბავშვიც, რომელსაც ამ მოცემულობით მოუწია ცხოვრება“,- ამბობს „საფარის“ სოციალური მუშაკი, ქეთი ბერიძე.

ბოლო კვლევა, რომელიც მარტოხელა მშობლების პრობლემებს ეხება, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის  უფლებების  განვითარების  ფონდმა“ 2017 წელს ჩაატარა. სამართლებრივი კონსულტანტი, სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ გარდა სტატუსისა პრობლემა ჰქონდათ  უშუალოდ სოციალურ და სამართლებრივ დახმარებებთან დაკავშირებითაც.

„საბოლოო ჯამში მივიღეთ სურათი, რომ საზღვარგარეთ და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და განვითარებად  ქვეყანაშიც ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსი ბევრად უფრო ფართოდ განიხილება ბევრად უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ სტატუსით და დახმარებებიც არის საკმაოდ მრავალფეროვანი. ძირითადად, იმის მიხედვით როგორი შემოსავლის მქონე არისი კონკრეტულად სტატუსის მატარებელი. საბოლოო ჯამში, როდესაც აპარლამენტო დონეზე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ცვლილებები მიგვეღო მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს და 2021 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლო მოვიგეთ, რის  საფუძველზეც  კანონში შევიდა ცვლილებები და 2022 წლის 6 ივნისს ახალი დეფინიციები გაიწერა სამოქალაქო კოდექსში. გაფართოვდა წრე პირველ რიგში, აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ჩანაწერი, რომელიც 2014 წლიდან იყო, რომ პირს, რომელსაც  ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი, ეს ამოიშალა ვინაიდან ეს  ერთგვარი სტიგმატირებადი კომპონენტი იყო და კრიტერიუმი სტატუსისთვის“, – ამბობს  მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი სალომე მეზურნიშვილი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ:

 მარტოხელა დედა /მარტოხელა მამა არის :

ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. –

მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ წლებთან ერთად სტატუსის მიმღებთა რიცხვი იზრდება.

„10 წელია ეს სტატუსი არსებობს, მაგრამ 10 წელი არის სახელმწიფო სათანადოდ არასოდეს მოუკვლევია და არასოდეს გამოუჩენია ინიციატივა იმისთვის, რომ პროგრამები ყოფილიყო ადეკვატური მარტოხელა მშობლების საჭიროებთან მიმართებაში და ზუსტად მაგიტომ გვაქვს ის შედეგიც, რომ დღეს თუნდაც მუნიციპალიტეტებში, სადაც ნამდვილად  შეიძლება აღინიშნოს მუნიციპალიტეტები, რომლებიც ნამდვილად კარგ პროგრამებს გთავაზობენ მარტოხელა მშობლებს და არა მარტო მარტოხელა მშობელს მათ შვილებსაც კი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობაც კი ეძლევა მარტოხელა მშობლის შვილს. რეალურად ჩვენს დედაქალაქში მარტოხელა მშობლები ისევ სახელმწიფოს მხედველობის მიღმა არიან დარჩენილები და ისინი არ არიან აღიარებული იმ ჯგუფად, რომელთაც სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა“, – ამბობს,  მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი, სალომე მეზურნიშვილი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ბევრია მარტოხელა დედა, რომელთაც სტატუსი არა აქვთ მინიჭებული. მარტოხელა მშობლებს კი კვლავ მომავლის იმედად არიან.

წყარო: euronews georgia