„ისიც არ ვიცით რამდენი ლიფტია გამოსაცვლელი ან საშიშად მიჩნეული,“ - როგორც კომპანია "სი ეი ენთერნეიშენალის" გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე ლიფტია, აქედან კი მხოლოდ 5 000-მდე ლიფტის მოდერნიზაცია განხორციელდა.
„პოზიტიური მოვლენაა მოდერნიზაციის პროგრამა - თუ მოსახლეობამ მიმართა გამგეობას, გარკვეული მცირე თანხის გადახდის შედეგად ამ ლიფტის მოდერნიზაციის ძირითად ნაწილს იხდის ბიუჯეტი. მაგრამ აქ ორი პრობლემაა. პირველი - თანხები, რომლებიც ამისთვის არის გამოყოფილი, არ არის საკმარისი, დაახლოებით 15 ათასამდე ლიფტია და ამ პროგრამის ფარგლებში 5 000-მდე ლიფტის მოდერნიზაცია განხორციელდა.
მეორე პრობლემაა ის, რომ ინიციატივა უნდა მოდიოდეს სახელმწიფოსგან და არა ამხანაგობისგან. ანალიზის შედეგად უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ მიმართულებით. ისიც არ ვიცით რამდენი ლიფტია გამოსაცვლელი ან საშიშად მიჩნეული.
თუ მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხების მობილიზაცია ვერ მოხდა, კანონში წერია, რომ ლიფტის სისტემატიური შემოწმება უნდა მოხდეს 3 წელიწადში ერთხელ. თუ ამას არ აკეთებ, გეხება ჯარიმა. რეალურად, მექანიზმები არსებობს, მაგრამ მათი ამუშავება არ ხდება რამდენიმე მიზეზის გამო. სახელმწიფომ რომ დაავალდებულოს მოსახლეობა ლიფტების შემოწმებაზე, ლიფტების უმეტესობა უნდა გაჩერდეს.
საერთო ჯამში, აქ მთავარი როლი ისევ პოლიტიკამ უნდა ითამაშოს. ჩვენი დათვლით, 1.5 მლნ ლარი სჭირდება საქართველოში ყველა ლიფტი რომ შემოწმდეს და დადგინდეს, რომელია სიცოცხლისთვის საშიში და რომელი არა. შემდეგ კომპლექსურად უნდა მოხდეს მათი შეკეთება. მარტო მოსახლეობას არ უნდა შევატოვოთ ეს პრობლემა,“ - განაცხადა სანდრო შელიამ.