„საკითხი საკმაოდ აქტუალური და პრობლემურია დღეის მდგომარეობით. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიგრანტების ნაკადი საკმაოდ გაზრდილია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქირაობენ ბინებს, კომერციულ ფართებს, შემდეგ არ იხდიან ქირას, ამის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა, რომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, სასამართლო დავები“,- ამის შესახებ ადვოკატმა ნიკოლოზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, მსგავსი შემთხვევებიც გაორმაგდა.
„დაზარალებული მოსახლეობა ითხოვს, რომ მოხდეს მათი გამოსახლება.
თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესს ახასიათებს თავისებურებები, უნდა მოხდეს სარჩელის აღძვრა, მომზადდეს საქმე განსახილველად, რაც პირველ ინსტანციაში დაახლოებით, 10-12 თვეს საჭიროებს. შემდეგ დამქირავებლები ამ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებენ სააპელაციო და საკასაციო წესით და მესაკუთრეებს დაახლოებით 36-დან 40 თვემდე მაინც უწევს, რომ იდავოს იმ უფლებაზე, რაც მას კონსტიტუციით გარანტირებული ისედაც აქვს. საკასაციო სასამართლომ გააკეთა განმარტება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღარ მიეცემა აღსასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ დავები შესაძლოა, 2 და 3 წელსაც კი გაგრძელდეს.
საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მესაკუთრეს, რომ განახორციელოს მისი უფლებამოსილება, მიიღოს სარგებელი ქირიდან, თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას. თუმცა, ამჟამად, აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ კანონზე, უბრალოდ დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, მომზადების პროცესშია და ამის შემდეგ შესაძლოა, დაბრუნდეს პოლიციური გამოსახლების მეთოდი, თუმცა კლასიკური გაგებით, ის ისეთი არ იქნება როგორც უწინ. როგორც ინფორმაციას ვფლობთ, მოხდება ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც მხარეები გამქირავებელიც და დამქირავებელიც, განაცხადებენ თანხმობას იმის თაობაზე, რომ თუ არ მოხდა ქირავნობის თანხის გადახდა, აქ უკვე აღსრულების ეროვნული პოლიცია ჩაერთვება საქმეში და მოხდება უძრავი ნივთის გამოთავისუფლება.
დღესითვის, შემიძლია გითხრათ, რომ მიგრაციიდან გამომდინარე, მსგავსი შემთხვევები ერთი-ორად გაიზარდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ფხალაძემ.