საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
„ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ინვესტიციები არის სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას.
რაც შეეხება ბაკურიანს ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა“, - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრების დირექტორმა ანდრეა რინალდიმ.
2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო.