რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.