ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების ე.წ. ,,აგარაკების კანონის“ მიღება გადაიდო. მიზეზი მოსახლეობისა და ე.წ. ოპოზიციის პროტესტი გახდა. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. საბოლოოდ პროტესტს ე.წ. პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა. ასლან ბჟანიას მიმართ მოსახლეობაში უკმაყოფილებისა და აგრესიის დონემ იმატა, რის გამოც მას სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება აღარ ჰქონდა. ოკუპირებულ რეგიონში ახლა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. რას შეცვლის ასლან ბჟანიას მიერ თანამდებობის დატოვება? იტყვის თუ არა უარს ე.წ. ახალი პრეზიდენტი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებაზე? საკითხზე ,,კომერსანტი’’ მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელს შმაგი სამხარაძეს ესაუბრა.
შმაგი სამხარაძე აღნიშნავს, რომ კანონის მიღება დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. მისი თქმით, რუსეთი პოზიციას არ დათმობს და ვინც არ უნდა აირჩიონ აფხაზეთში, მას ამ შეთანხმების რატიფიცირება მაინც მოუწევს. შმაგი სამხარაძე აცხადებს, რომ პროტესტმა პროცესი მხოლოდ შეაფერხა, თუმცა საინვესტიციო შეთანხმების მიღების საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოხსნა.
,,ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოახერხა და ეს საკითხი გაწელა. რუსეთი ყველანაირად შეეცდება და დააბრუნებს ამ საკითხს. შეიძლება რაღაც ფორმა შეიცვალოს, მაგრამ დიდი ალბათობით დადგება რამდენიმე თვეში იგივე საკითხის რატიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ყველა მიმართულებით უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი წარმომადგენლობა ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ ვიხილეთ, რომ უფრო მორჩილ ასლან ბჟანიასაც კი შეუმცირეს დაფინანსება. მის პირობებში მოხდა სექტემბერში დაფინანსების შემცირება ექიმებზე, მასწავლებლებზე, ე.წ. საჯარო მოხელეებზე. ასევე, კომერციულ ტარიფებზე გადაიყვანეს ელექტროენერგიის მიწოდება ზამთრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით ეს დღის წესრიგში კვლავ დარჩება. მიუხედავად თუ ვინ მოვა ე.წ. ხელისუფლებაში.’’- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ე.წ. ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, პროტესტი მაინც გაგრძელდება, რადგან ახლად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს რუსეთის დავალების შესრულება მოუწევს. ამას კი აფხაზეთში ახალგაზრდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება და აქციები მოჰყვება.
,,აფხაზეთის ხელისუფლება, ვინც ახლა არჩეული იქნება, უნდა თუ არა, იგივე საკითხების წინაშე დადგება. ასე წარმომიდგენია, რომ რუსეთი მაინც მოსთხოვს ამ კანონის მიღებას. აფხაზეთში არიან ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იტყვიან, რომ ასე გამოდის რომ თქვენ უბრალოდ გინდოდათ ეს ყველაფერი თქვენი მმართველობის ქვეშ მომხდარიყო და თქვენ მიგეღოთ დივიდენდები. რეალურად, ეს საკითხი არსად არ გაქრება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს იგივე შეთანხმებას მიაღებინებენ. ლავროვის დონეზე, პირდაპირ რუსეთი სთხოვდა ბჟანიას ამ კანონის მიღებას. ახლა, როგორ წარმოგვიდგენია, ესენი მოვიდნენ და ჩვენ ამ ყველაფერს არ მივიღებთ, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია? რა თქმა უნდა, იმავეს მოსთხოვს მოსულ ხალხს.’’- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთზე ზეწოლა გაძლიერდეს. აფხაზეთში კი ეშინიათ, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე მარტო დარჩებიან, რის გამოც მოსახლეობა პროტესტის დროს რუსეთს პირდაპირ არ უპირისპირდება და შეთანხმების მიღებას ოლიგარქიული ინტერესებით ხსნის.
,,ადგილობრივები რუსეთს არ ახსენებენ და ოლიგარქიულ ინტერესებზე საუბრობენ. რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება შიშებს აღვივებს მათში. პარალელებს ავლებენ ხოლმე სომხეთთან და ყარაბაღთან. ეშინიათ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება რუსეთი აღარ დაგვიდგეს გვერდში და ჩვენ აღმოვჩნდებით სრულიად დაუცველებიო. მე არ ვიტყოდი, რომ რუსეთის ოლიგარქიული წრეების მხრიდან ხორციელდება ეს პოლიტიკა. რუსეთს სჭირდება აფხაზეთი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ექსპანსიის მიმართულებით, რადგან სანქცირებული ჰყავთ მოქალაქეები. სხვაგან ვერ მიდიან. თუ გინდათ ოლიგარქიული ინტერესები დავარქვათ, მაგრამ რუსეთის მხრიდან პოლიტიკის გატარება არ ხდება შიდა წრეებში შეთანხმების გარეშე. აქედან გამომდინარე, რუსეთი გააგრძელებს ამ ყველაფერს და არსად არ წავა დღის წესრიგიდან (კანონის მიღება). რუსეთს სურს იყოს უფრო მეტად წარმოდგენილი და არ აღიქვამს სერიოზულად აფხაზეთის დამოუკიდებლობას. უნდა, რომ ყველაფერი გააკონტროლოს სტრატეგიული ობიექტები, ბიზნესი და ყველაფერი მის ხელში იყოს აფხაზეთში. მიზანია სრული ანექსია. აფხაზეთში დასავლეთი არანაირად აღარ არის წარმოდგენილი. ყველანაირად ოკუპირებულმა აფხაზეთმა დასავლეთთან ორგანიზაციების დონეზეც კი ყველა გზა მოიჭრა.’’- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
„ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ - ასე ეწოდება დოკუმენტის, რომელმაც აფხაზეთის მოსახლეობისა და ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. შეთანხმება აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის რუსეთთან ჰარმონიზაციის პროგრამის ნაწილია. პროგრამა ჯერ კიდეც 2020 წელს დაიწყო.