კლიმატის მსოფლიოში უდიდესმა საქველმოქმედო ფონდმა საზღვაო ეკოსისტემების დასაცავად $24.5 მილიონი დოლარი გამოყო. ეს ნაბიჯი პლანეტის პირველი ტრანსსასაზღვრო საზღვაო ბიოსფერული ნაკრძალის შექმნის გეგმის ნაწილია - ამის შესახებ Reuters-ს ფონდის ბუნების მიმართულების ხელმძღვანელმა განუცხადა.

“ბეზოსის დედამიწის ფონდის” (Bezos Earth Fund) მიერ გაცემული ოთხი გრანტი მიზნად ადგილობრივი თემებისა და ორგანიზაციების დახმარებას ისახავს კოსტა-რიკაში, პანამაში, კოლუმბიასა და ეკვადორში.

ეს გრანტები იმ $1 მილიარდიანი გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად 2030 წლისთვის პლანეტის ხმელეთისა და ოკეანეების 30%-ის დასაცავად შემუშავდა. 10 სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად, ინიციატივის „დავიცვათ ჩვენი პლანეტა“ (Protecting Our Planet Challenge) ფარგლებში, დონორთა ჯგუფი ამავე პერიოდში ჯამში $5 მილიარდის მობილიზებას გეგმავს. აქედან Amazon-ის დამფუძნებლის ფონდმა თითქმის $700 მილიონი, ხოლო კოალიციამ $3 მილიარდზე მეტი უკვე გამოყო.

ახლად გამოცხადებული გრანტებიდან ყველაზე დიდი - $13.85 მილიონი დოლარი - ორგანიზაცია Re:wild-ს გადაეცემა. თანხა პარტნიორებს სანაპირო ნაკრძალებისა და ისეთი ზონების შექმნასა და გაძლიერებაში დაეხმარება, რომლებიც უროსთავა ზვიგენების, კუებისა და ზღვის სხვა ბინადრების გამრავლებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც კრისტიან სამპერმა, ფონდის ბუნების მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა, ორ წელიწადში ოთხმა ქვეყანამ დაცული საზღვაო ტერიტორიების ფართობი გაასამმაგა და 10 ცალკეულ ზონაში 600 000 კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბა, ახლა კი მიზანი ერთიანი ბიოსფერული ნაკრძალის შექმნაა.

ფონდი შეთანხმდა, რომ $100 მილიონს დახარჯავს წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად ბიომრავალფეროვნების გლობალური მიზნის განსახორციელებლად, ხოლო გრანტების მეორე პაკეტს 2026 წელს გამოაცხადებს.

bm.ge