მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.
თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.