პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! -ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
ხაზარაძის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე, სიმართლეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშიშვლებენ რეჟიმს. მალე გაეცემათ კანონიერი პასუხი ყველა ამ ძალადობაზე!
პირადად ივანიშვილს და გომელაურს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! ეს დაუსჯელი არ დარჩება!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.