ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის კულტურის სამინისტროს (შპს „სპორტმშენსერვისი“) მიერ მესამედ გამოცხადებული ტენდერი, წინა ორისგან განსხვავებით შედეგიანად დასრულდა. გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გახდა შპს „მეტალ+“, რომელთანაც ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
კომპანია ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებას 1 539 800 ლარად გეგმავს. პირველი ტენდერის პირობებით პროექტში 2.2 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა, მეორე ტენდერში კი 1 784 580 ლარი იყო გათვალისწინებული. მესამე ტენდერში კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 642 552 ლარი იყო. წინადადებების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდა. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ჩანს ერთადერთი პრეტენდენტი სწორედ შპს „მეტალ+“ იყო.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად. შენობა ფუნქციურად უნდა წარმოადგენს ამფითეატრს რომელსაც აქვს ღია სცენა და ორ იარუსიანი სამაყურებლო ტრიბუნები, ასევე ამფითეატრის კომპლექსის ნაწილია ერთ სართულიან დამხმარე შენობები სხვადასხვა ოთახებით, მათ შორის ცენტრალური ჰოლი, კორიდორი, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახი, საშხაპეები, სათავსოები, სამეურნეო ოთახი, სცენის დამხმარე სივრცე და საპროექციო ოთახი.
ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:
ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი; სახურავი - 8 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;
შპს „სპორტმშენსერვისის“ მესაკუთრე სახელმწიფოა, მის 100%-იან წილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფლობს. დირექტორი კი გერონტი ცინდელიანია.
რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მეტალ+“ 2011 წელს არის დაფუძნებული, მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი გიორგი მუზაშვილია. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 149 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან 46 მოგებული. მოგებული კონტრაქტების სავარაუდო ღირებულება 20 790 851 ლარია. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გამარტივებულ შესყიდვებშიც, ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 700 ათასამდეა.