2023 წლის აგვისტოდან საქართველოში 2 ძირითადი ცვლილება ამოქმედდება. ერთი - მომხმარებელთა უფლებების, მეორე კი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ.

 „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“  ცვლილების თანახმად, დისტანციურად ან სარეწს გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს ამ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს.

მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმა  500 ლარია. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილების მიხედვით უკვე დღეიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები.

თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალ რისკიანიც დაემატა. 

დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50 წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები - ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს).

შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია.