რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის საერთაშორისო აეროპორტი 30 მარტიდან გაზაფხული-ზაფხულის განრიგზე გადადის და ახალ მიმართულებებს შორის საქართველოს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის რეისები შეიტანა.

ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

განრიგში სულ 24 მიმართულებაა, რომლებსაც 18 ავიაკომპანია მოემსახურება.

აპრილში ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს ქართულ ავიაბაზარზე უკვე შესული Red Wings შეასრულებს.

კერძოდ, 26 აპრილიდან ნიჟნი-ნოვგოროდი-ბათუმის რეისები ყოველ შაბათს, მოსკოვის დროით 22:30 საათზე, ხოლო უკანა მიმართულებით კვირას, თბილისის დროით 03:50 საათზე არის დაგეგმილი. ამასთან, 28 მაისიდან მათ კიდევ ერთი რეისი დაემატება, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ბათუმის, ხუთშაბათს კი ნიჟნი-ნოვგოროდის მიმართულებით შესრულდება.

ბილეთის ფასი 19,345 რუბლიდან (231 დოლარიდან) იწყება.

ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით Red Wings ფრენებს 28 აპრილიდან დაიწყებს. რეისები ყოველ ორშაბათს, 22:45 საათზე, ხოლო უკანა მიმართულებით სამშაბათს, ადგილობრივი დროით 04:05 საათზე არის დაგეგმილი. ასევე, 5 ივნისიდან ნიჟნი ნოვგოროდ-თბილისის მიმართულებას კიდევ ერთი რეისი დაემატება, რომელიც ყოველ პარასკევს შესრულდება.

ბილეთის ღირებულება კაცზე 29,685 რუბლი, ანუ 354 დოლარია.

ფრენები SSJ-100-მოდელის თვითმფრინავით განხორციელდება.

ამასთანა, “კომერსანტი” თებერვლის ბოლოს წერდა, რომ წელს ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში პირდაპირი ფრენების დაწყებაც იგეგმება. მერ იური შალაბაევის თქმით, ქალაქის ოფიციალური პირები ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, რომლებიც ავიამიმოსვლის ახალი მარშრუტით არიან დაინტერესებული.

მათი ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ერთ-ერთი ავიაკომპანია შესაძლოა, თათრეთის UVT Aero იყოს, რომელმაც 7 თებერვალს სოხუმის აღდგენილ აეროპორტში მოსკოვიდან სატესტო რეისი შეასრულა. სავარაუდოდ, აფხაზეთში საწყის ეტაპზე რეისებს სწორედ ეს ავიაკომპანია შეასრულებს.

ასევე, ნიჟნი-ნოვგოროდის ადმინისტრაციამ საჯარო განხილვისთვის დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც სოხუმში ავიამიმოსვლის სუბსიდირებას ეხება. კერძოდ, თითოეულ ჩასულ და ქალაქიდან გამგზავრებულ მგზავრზე სუბსიდიის მაქსიმალური ოდენობა 5 ათასი რუბლი (60 დოლარი) იქნება. მერია ავიაკომპანიას იმ ხარჯის ნაწილს აუნაზღაურებს, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდ-სოხუმის მარშრუტზე უკანა რეისების ღირებულებაში შედის. დოკუმენტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ “ნიჟნი ნოვგოროდის ბიუჯეტიდან ავიაკომპანიისთვის ხარჯის ნაწილის ანაზღაურებამ რუსული ქალაქის ტურისტული მიმზიდველობა უნდა გაზარდოს.”

თუმცა აეროპორტის მიერ გამოქვეყნებულ გაზაფხული-ზაფხულის განრიგში სოხუმის რეისი ჯერ არ შედის.

ამ განრიგით საერთაშორისო რეისები სულ ექვს ქვეყანაში ცხრა მიმართულებით შესრულდება. კერძოდ, საქართველოს (ბათუმისა და თბილისის) გარდა, ეს არის თურქეთი (ანტალია და სტამბოლი), ეგვიპტე (შარმ ეშ-შეიხი და ჰურგადა), სომხეთი (ერევანი), ბელარუსი (მინსკი) და უზბეკეთი (ტაშკენტი).

განრიგი ძალაში 25 ოქტომბრამდე იქნება და სეზონის განმავლობაში შესაძლოა, შეიცვალოს.

ცნობისთვის: ავიაკომპანია, Red Wings თბილისის მიმართულებით ფრენებს ეკატერინბურგიდან, სანკტ პეტერბურგიდან, სოჭიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან და ყაზანიდან ახორციელებს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებას, ავიაკომპანია თავდაპირველად მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავდა, ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი და ყაზანი დაემატა. ბათუმის აეროპორტის მიმართულებით ავიაკომპანია მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავს.

სოხუმში, ნიჟნი ნოვგოროდის გარდა, ავიარეისები შესაძლოა, მოსკოვიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან და პერმიდან შესრულდეს. სეზონის მიხედვით ორმხრივი ბილეთის სავარაუდო ფასად 232-დან 464 დოლარამდე, ხოლო ცალმხრივის - 186-209 დოლარი სახელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, აღდგენილი აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს 2 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით მიიღებს. 27 თებერვალს სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან უკვე მეორე რეისი შესრულდა. კერძოდ, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური რეისით აფხაზეთის მთავარ ქალაქში ექიმები ჩავიდნენ.

www.bpn.ge